ახალი ამბები

გვარამია: ჩვენ ვერ მივიტანეთ სათანადოდ ჩვენი ხმა ოს და აფხაზ თანამოქალაქეებთან

იუსტიციის მინისტრმა ნიკა გვარამიამ აღიარა, რომ თბილისმა აგვისტოს ომის დაწყებამდე სათანადოდ ვერ მიაწვდინა ხმა სოხუმსა და ცხინვალს, რისი მიზეზიც რუსული ბარიერი იყო.

ამის შესახებ გვარამიამ მას შემდეგ განაცხადა, რაც თბილისში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებული სიტუაციის შემსწავლელი დროებითი კომისიის წევრებს შეხვდა.

”ჩვენ დაგვისვეს საინტერესო შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რას შევცვლიდით ერთი წლით ადრე, წარსულში რომ დავბრუნებულიყავით,”- განაცხადა გვარამიამ ერთობლივ ბრიფინგზე, ”ამ გამოცდილების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთებდით კიდევ უფრო მეტს, ვიდრე გავაკეთეთ”.

”ჩვენ ვერ მივიტანეთ სათანადოდ ჩვენი ხმა ჩვენს ოს და აფხაზ თანამოქალაქეებთან, რისი მიზეზიც ჩვენს შორის აღმართული რუსული კედელი იყო,”- განაგრძო მან, ”თუმცა, ამავე დროს, ეს კითხვა უნდა დაუსვან საკუთარ თავს თავად ამ დელეგაციის წევრებმა… ასევე, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმაც. ის, რაც მოხდა, ჩვენს მიერ პროგნოზირებული იყო და ჩვენ ამაში თავის დროზე არ გვეთანხმებოდნენ”.

იუსტიციის მინისტრმა შეხვედრის ფარგლებში დელეგაციის წევრებს გააცნო ეთნიკური წმენდის ფაქტები, ასევე ინფორმაცია ომის დანაშაულებზე, მოსახლეობის დაბომბვაზე, ქართველების სახლების გადაწვაზე.

”მათ გადავეცით საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციები – რუკები, ფოტომასალა, სამართლებრივი მიმოხილვა იმისა, თუ რაც მოხდა საქართველოში,”- განაცხადა გვარამიამ.

დელეგაცია თბილისში მოსკოვში სტუმრობის შემდეგ ჩამოვიდა და საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ასევე გეგმავს ეწვიოს ცხინვალს.

Back to top button