
ეუთოს 5 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოზე იმსჯელეს
2007-2011 წლებში ეუთოს ხუთი თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები 23 სექტემბერს შეიკრიბნენ და საქართველოზე და მასთან მიმართებაში ეუთოს საქმიანობის გაძლიერებაზე იმსჯელეს.
ესპანეთის, ფინეთის, საბერძნეთის, ყაზახეთის და ლიტვის ხუთეულის შეხვედრა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ალექსანდრე სტუბის ინიციატივით შედგა, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომის ფარგლებში.
ხუთმა ქვეყანამ აღიარა ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ეუთომ ითამაშა ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისა და საქართველოში დამატებითი სამხედრო დამკვირვებლების გაგზავნის საქმეში. ისინი შეთანხმდნენ, რომ ეუთო კვლავაც განაგრძობს აქტიური როლის შესრულებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განხორციელებაში და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების გრძელვადიანი მოგვარების მიღწევაში. ამასთან ერთად, ეუთო თავისი მცდელობების კოორდინირებას მოახდენს გაეროსთან და ევროკავშირთან.