სააკაშვილი საქართველოს ცნობადობის გაზრდაზე საუბრობს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნიუ-იორკის ქუჩებში ქართულ დიასპორასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აგვისტოს ომმა საქართველოს ცნობადობა გაზარდა მსოფლიოში და ნათელი მოჰფინა იმას, რაც ”ხდება საქართველოს” გარშემო.
”ომი როგორ შეიძლება ადამიანს გიხაროდეს, მაგრამ ამ ომმაა მოუტანა საქართველოს – რუსეთმა შეიძლება რამოდენიმე სოფელი დამატებით კიდევ აიღო კონტროლის ქვეშ დროებით – მაგრამ ამ ომმა მოუტანა საქართველოს მთავარი რამ – აბსოლუტური სინათლე შეიტანა იმაში, რაც ხდება საქართველოს გარშემო,”- განაცხადა სააკაშვილმა.
”საქართველოს არ ჰქონდა არც ამხელა ინტერესი და არც ამხელა მხარდაჭერა,”- განუცხადა მან დიასპორის წარმომადგენლებს, ”ახლა ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია თქვას, რომ ჩემი ქვეყანა არის ცნობილი. ქუჩებში დავდივარ და მე თვითონ ვხედავ, რომ უამრავი ადამიანი მართმევს ხელს… ახლა პირველად გავედი საზღვარგარეთ და ვიგრძენი რამხელა მხარდაჭერა აქვს საქართველოს ჩვეულებრივ ხალხში”.
მისი თქმით, როგორი დასასრული ექნება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს დამოკიდებულია იმაზე ”როგორ შევინარჩუნებთ ერთიანობას, საერთაშორისო მხარდაჭერას, როგორ გავძლიერდებით” და ”საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, გამარჯვება იქნება ჩვენი”.
მიხეილ სააკაშვილი 23 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ შეხვდა აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს.
საომარი მოქმედებების შემდეგ პირველი საერთაშორისო ვიზიტის ფარგლებში მან ასევე შეხვედრა გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)