ახალი ამბები

ყაზახეთი ბათუმში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას აღარ ააშენებს

ყაზახური სახელმწიფო კომპანია KazMunaiGas-ი ბათუმის პორტში 1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას აღარ ააშენებს, იტყობინება ”როიტერი”.

თუმცა, ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას, განუცხადა უცნობმა წყარომ კომპანიიდან ”როიტერს”.

”ჩვენ უამრავი ინტერესი გვაქვს ბევრ სხვადასხვა პროექტში, მაგრამ არჩევანში ეკონომიკურ მიზანშეწონილობას ვეყრდნობით,” – განაცხადა წყარომ, ”ამრიგად, ამ საკითხში პოლიტიკა არ უნდა გარიოთ… ჩვენმა ექსპერტებმა ყურადღებით შეისწავლეს პროექტი და გადაწყვიტეს, რომ ის არ არის მიზანშეწონილი”.

ყაზახეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა აკილბეკ კურიშბაევმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ ასტანამ შეცვალა გეგმები ფოთში ხორბლის ტერმინალის აშენების თაობაზე და ამის მოტივად ”საქართველოში არსებული სიტუაცია” დაასახელა.

ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენების გეგმები პირველად 2007 წლის  მარტში გაჟღერდა, როდესაც KazMunaiGas-მა პარტნიორული ურთიერთობები დაამყარა Greenoak Group -თან. ეს უკანასკნელი ბათუმის ნავთობტერმინალის და ბათუმის საზღვაო პორტის მფლობელი იყო. თუმცა, 2008 წლის თებერვალში Greenoak Group -მა ბათუმის ნავთობტერმინალიც და ბათუმის საზღვაო პორტიც KazMunaiGas-ს მიყიდა. გარიგების თანხა არ დასახელებულა.

Back to top button