ახალი ამბები

ეუთოს წარმომადგენელი სამხრეთ ოსეთში თავისუფალ შესვლას ითხოვს

ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესმა კომისარმა კნუტ ვოლებაკმა 23 სექტემბერს განაცხადა, რომ იგი სამხრეთ ოსეთში არ შეუშვეს, რამაც აღძრა ”ეჭვები, რომ იქ რაღაცას მალავენ”.

ვოლებაკი საქართველოს 14-20 სექტემბერს სტუმრობდა, როგორც მან აღნიშნა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ეთნიკური სიტუაციის შეფასების მიზნით. იგი ასევე ჩავიდა სოხუმში და ეთნიკური ქართველებით დასახლებულ გალის რაიონში. 23 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვოლებაკმა აღნიშნა, რომ მას სამხრეთ ოსეთში შესვლის საშუალება არ მისცეს.

”მოვუწოდებ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ნება მომცენ სრულად შევაფასო ადგილზე არსებული სიტუაცია,” – განაცხადა მან, ”ის ფაქტი, რომ საერთაშორისო საზოგადოებას არ უშვებენ სამხრეთ ოსეთის ზოგიერთ ნაწილში და მის მიმდებარე სოფლებში წარმოშობს ეჭვებს, რომ იქ რაღაცას მალავენ”.

მან ასევე განაცხადა, რომ იმ დევნილთა შეფასებები, რომელთაც შეხვდა, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების ინფორმაცია, ”სერიოზულ შეშფოთებას იწვევს სამხრეთ ოსეთში და რუსული კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის შესახებ”.

მისი თქმით, აფხაზეთში მან ადგილობრივ ხელისუფლებასთან განიხილა ის გზები, რომლითაც ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარიატს შეუძლია ”დაეხმაროს მათ მცდელობებს გააძლიერონ აფხაზური ენა და იდენტურობა რეგიონში”. 

”მე ხაზი გავუსვი, რომ ღონისძიებები ერთი ენის და კულტურის როლის გასაძლიერებლად არ უნდა განხორციელდეს სხვა ენების და კულტურების ხარჯზე,” – განაცხადა ვოლებაკმა. ”ამ კონტექტსში, მე ვესტუმრე ორ სკოლას გალის რაიონში, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ეთნიკური ქართველია. მე მოვუწოდე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ნება დართონ ეთნიკურ ქართველ მოსწავლეებს ქართულ ენაზე ისწავლონ”.

Back to top button