skip to content
ახალი ამბები

მოსკოვი ვაშინგტონს აგვისტოს მოვლენების დამახინჯებაში ადანაშაულებს

აშშ-ის ხელმძღვანელობა ”უხეშად ამახინჯებს” იმ ფაქტებს, რომელიც დაკავშირებულია ”საქართველოს აგრესიასთან სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ”, რაც არაა გასაკვირი, მათი ”თბილისის გაბანკროტებული რეჟიმისადმი ანგაჟირებულობის” გათვალისწინებით,  აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 19 სექტემბერს.

განცხადებაში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის მარშალის ფონდში 18 სექტემბერს გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ გამოქვეყნდა,  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ მოსკოვის ქმედებები სამხრეთ ოსეთის დასაცავად იყო ”პროპორციული”.  

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა 18 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველოში ”წინასწარ დაგეგმილ შეჭრას” საფუძველი რამდენიმე თვის წინ ჩაუყარა, თუმცა იქვე დასძინა, სამხრეთ ოსეთში ქართული სოფლების დაბომბვის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ”მთავარი სამხედრო ოპერაცია”. 

”ჩვენი ქმედებები სამხრეთ ოსეთის დასაცავად ყველა პარამეტრის მიხედვით იყო პროპორციული, პასუხობდა რეაგირებას იმაზე, რაც სახელმწიფო მდივანმა დაახასიათა, როგორც ”მთავარი სამხედრო ოპერაცია,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება, ”ეს ფაქტები კარგადაა ცნობილი შეერთებული შტატებისთვის, ნატოშიც და ევროკავშირშიც”.

რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ მაშინ როცა რაისმა მწუხარება გამოთქვა აგვისტოს მოვლენების დროს რუსი სამშვიდობოების დაღუპვის გამო, მან ”სიჩუმით გვერდი აუარა” სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის  – რუსეთის მოქალაქეების – მკვლელობებს.

”ეს იყო რუსეთზე თავდასხმა და ჩვენ სხვა არაფერი გვრჩებოდა, თუ არა გამოგვეყენებინა თავდაცვის უფლება”, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

ამასთან, სამინისტრო აღნიშნავს, რომ რუსეთს, ”ვაშინგტონისგან განსხვავებით”, თავის მოქმედებებში არანაირი გეოსტრატეგიული მიზნები არ ამოძრავებდა.

მოსკოვი აცხადებს, რომ მისი მხრიდან ”ეს იყო ერთჯერადი აქცია” და ” არავითარ საფუძველს მისი ”დომინოს თეორიის” თვალსაზრისით განხილვისა ის არ იძლევა”.

”რუსეთი არავის არ ემუქრება, არავის ტერიტორიების მიმართ პრეტენზიები არ აქვს,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button