ახალი ამბები

ოპოზიციაში ტაქტიკაზე განსხვავებული მიდგომებია

ოპოზიციის ნაწილი მოუწოდებს რეალური დიალოგისკენ ხელისუფლებასთან, რომელიც საერთაშორისო შუამავლობით გაიმართება და რომლის მიზანი იქნება საარჩევნო სისტემის შეცვლისა და თავისუფალი მედიის უზრუნველყოფის გზით  ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ამასთან, ძირითადი აქცენტი კეთდება საპარლამენტო და არა საპრეზიდენტო არჩევნებზე. თუმცა ოპოზიციის სხვა ნაწილი გაცილებით რადიკალურია და მოითხოვს პრეზიდენტ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადადგომას.

კონსერვატიულმა პარტიამ; ხალხის პარტიამ და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა და სააკაშვილის მთავარმა კონკურენტმა 5 იანვრის არჩევნებზე, ლევან გაჩეჩილაძემ 17 სექტემბერს გამოაქვეყნეს 4-პუნქტიანი მემორანდუმი.

”მოიხსნას შეზღუდვები კერძო ტელეკომპანიების საკუთრებაზე და მაუწყებლობაზე. შეიცვალოს საზოგადოებრივი არხების ხელმძღვანელობა კომპრომისის საფუძველზე და უზრუნველყოფილ იქნეს სრული სარედაქციო დამოუკიდებლობა” – ეს მემორანდუმის პირველი მოთხოვნაა; რომელსაც მოსდევს აგვისტოს მოვლენების ”დამოუკიდებელი” გამოძიების შესახებ მოთხოვნა, რათა ”დადგინდეს მიზეზები და პასუხისმგებლები”; მემორანდუმის მესამე პუნქტი მოითხოვს ძალოვანი მინისტრების შეცვლას; ხოლო მეოთხე ეხება ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებას, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.

მემორანდუმში ასევე ნათქვამია, რომ კრიზისის განმუხტვა და მოვლენების რადიკალიზაციის თავიდან აცილება შესაძლებელია პოლიტიკური დიალოგის და ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გზით. თუმცა დოკუმენტი სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადადგომისკენ არ მოუწოდებს.

კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ დიალოგის პროცესი საერთაშორისო შუამავლობით უნდა წარიმართოს, რათა მათ იკისრონ ხელისუფლებასთან მიღწეულის შეთანხმებების შესრულებაზე გარანტორის როლი.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პარტიამ – მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის  – უარი თქვა ამ მემორანდუმთან შეერთებაზე. ეს პარტია კონსერვატორებთან და ხალხის პარიასთან ერთად ოპოზიციური კოალიციის ნაწილია.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ 17 სექტემბერს განაცხადა, რომ პარტია იზიარებს მემორანდუმში ასახულ მოთხოვნებს, მაგრამ მომხრეა დადგეს პრეზიდენტ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადადგომის საკითხი და ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები  2009 წლის გაზაფხულამდე ჩატარდეს. 

პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა მოითხოვეს ასევე ახალმა მემარჯვენეებმა 9 სექტემბერს გახმოვანებულ პოზიციაში. მემარჯვენეებიც ოპოზიციური კოალიციის წევრები არიან.

რესპუბლიკური პარტიის პოზიცია უფრო მეტად 17 სექტემბრის მემორანდუმის მოთხოვნებისკენ იხრება.

”რესპუბლიკური პარტია თვლის, რომ დემოკრატიული რეფორმების მთავარი საეტაპო მიზანი უნდა იყოს 2009 წლის გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება”, – განაცხადა რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა 17 სექტემბერს.

მისი თქმით, არჩევნების ჩატარებამდე უნდა განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზიდენტზე და მთავრობაზე ეფექტური საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების შესაქმნელად; უნდა შეიქმნას არჩევნების სამართლიანობის და თავისუფლების საერთაშორისო გარანტიები; უნდა გაუქმდეს ელექტრონულ მედიაზე სახელისუფლებო კონტროლის ფორმალური და არაფორმალური მექანიზმები და ასევე დაწესდეს ძალოვან სტრუქტურებზე სამოქალაქო კონტროლი.

იმავდროულად, საპარლამენტო უმცირესობა, რომელშიც ქრისტიან-დემოკრატიული პარტია წამყვანი ძალაა, სკეპტიკურად უყურებს ვადამდელი არჩევნებისკენ მოწოდებებს. 4 სექტემბერს ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ გამოაქვეყნა განცხადება ომის შემდგომ მოსაზრებებთან დაკავშირებით, სადაც პარტია მოუწოდებდა ომის გამომწვევი მიზეზების საპარლამენტო გამოძიებისკენ და არაფერს ამბობდა ვადამდელი არჩევნების შესახებ.

Back to top button