
თბილისი მოსკოვის შეთანხმებებს სეპარატისტებთან ”კლოუნადას” უწოდებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ ”კლოუნადის” გაგრძელება უწოდა დღეს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევსა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტ ლიდერებს შორის გაფორმებულ შეთანხმებებს მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ.
მისი თქმით, ეს ხელშეკრულებები უკანონოა და მას საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.
”რაც შეეხება, საქართველოს ხელისუფლების გეგმებს,”- განაგრძო მან, ”15 ოქტომბერს ჟენევაში იწყება მოლაპარაკებები, სადაც ჩვენი მთავარი მოთხოვნა იქნება რუსეთის შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ გაყვანა საქართველოს მთელი ტერიტორიიდან და ამ მოთხოვნაში ჩვენ მარტო არ ვართ”.
რუსეთი აპირებს დამატებით მოაწეროს ხელი შეთანხმებებს სოხუმთან და ცხინვალთან სამხედრო სფეროში, რადგან გეგმავს დააკანონოს თითოეულ რეგიონში 3 800 რუსი ჯარისკაცის განთავსება.