ახალი ამბები

ოპოზიცია სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლას აფასებს

პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ინიცირებული დემოკრატიული რეფორმები ”კოსმეტიკური” ხასიათისაა და არ პასუხობს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების მიერ წამოჭრილ საკითხებს, განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.

მან დღეს ამის შესახებ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც ასევე შეეხო პრეზიდენტის საანგარიშო მოხსენებას, რომელიც მან პარლამენტს 16 სექტემბერს წარუდგინა.

”რესპუბლიკური პარტია თვლის, რომ დემოკრატიული რეფორმების მთავარი საეტაპო მიზანი უნდა იყოს 2009 წლის გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, არჩევნების ჩატარებამდე უნდა განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზიდენტზე და მთავრობაზე ეფექტური საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების შესაქმნელად; უნდა შეიქმნას არჩევნების სამართლიანობის და თავისუფლების საერთაშორისო გარანტიები; უნდა გაუქმდეს ელექტრონულ მედიაზე სახელისუფლებო კონტროლის ფორმალური და არაფორმალური მექანიზმები და ასევე დაწესდეს ძალოვან სტრუქტურებზე სამოქალაქო კონტროლი.

კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ ”ფასადური და არასერიოზული” უწოდა პრეზიდენტის ინიციატივებს, რომელიც მისი თქმით, ”ნატოს აქტიური ზეწოლის შედეგად იქნა სტიმულირებული”.

”მიმაჩნია რომ სააკაშვილის მიერ რეალური პრობლემების იგნორირება ქვეყანას ახალი დაპირისპირებისაკენ მიაქანებს,”- განაცხადა კუკავამ, ”ყველაზე შემაშფოთებელია ის, რომ სააკაშვილს თავისი გამოსვლისას საერთოდ არ უსაუბრია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივაზე და ხედვაზე. სრულიად აშკარაა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების რეინტეგრაციის აღარანაირი შანსი აღარ რჩება”.

მან ასევე მოუწოდა ხელისუფლებას ”რეალური დიალოგისაკენ რეალურ ოპოზიციურ პარტიებთან” და გააკრიტიკა სააკაშვილის მცდელობა, საპარლამენტო ფორმატში მოაქციოს აგვისტოს მოვლენების გამოძიება ”საპარლამენტო ოპოზიციის ანუ სატელიტი პარტიების მონაწილეობით”. 

დღესვე პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა და განაცხადა, რომ ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოსაყვანად საჭიროა ძალაუფლების გადანაწილება ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის.

”ის პირები, რომლებიც არიან საზოგადოების ნდობით აღჭურვილები, უნდა იყვნენ ხელისუფლებასთან ერთად ქვეყნის სათავეში ამ საგანგებო პერიოდში მაინც”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, ”არავითარ პოსტებზე არ არის ლაპარაკი… ლაპარაკია ქვეყნის გადარჩენაზე”.

Back to top button