მოსკოვი საქართველოში ნატოს მაღალი რანგის ვიზიტს აკრიტიკებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს საქართველოში განიხილავს, როგორც ”არსებულ პირობებში არადროულს, რომელიც არ პასუხობს რეგიონში სტაბილიზაციის ინტერესებს”.
რუსეთის საგარეო უწყება ასევე აცხადებს, რომ ვიზიტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები ”ადასტურებს, რომ ნატოში კვლავ ამუშავდა ”ცივი ომის” დროინდელი რეფლექსები პრინციპით ”ჩვენიანი-სხვისიანი”. საქართველომ და ნატომ 15 სექტემბერს, თბილისში გააფორმეს ჩარჩო-შეთანხმება ნატო-საქართველოს კომისიის შექმნის შესახებ.
”იმის ნაცვლად, რომ გამოტანილიყო სერიოზული დასკვნები სააკაშვილის ჩაშლილ მცდელობაზე გადაეწყვიტა ძალისმიერი გზით მრავალწლიანი კონფლიქტი, ნატოში კიდევ ერთხელ გააკეთეს იმის დემონსტრირება, რომ მხარს უჭერენ მათ [თბილისის] მიერ წარმოებულ დეზინფორმაციის კამპანიას და გასცეს ავანსები ამ ქვეყნის სამხედრო პოტენციალის აღდგენის კუთხით,”- აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
”ალიანსის მიერ საქართველოსთან ურთიერთობების ამაღლებისკენ გადადგმული ნაბიჯები ჩვენ არ შეგვიძლია განვიხილოთ სხვაგვარად, თუ არა თბილისის წახალისება ახალ ავანტიურებზე. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ გვარწმუნებდნენ, რომ საქართველოსთვის ე.წ. ”ინტერნსიური დიალოგის” მინიჭება შექმნიდა შესაძლებლობას უფრო ეფექტურად მუშაობისთვის სააკაშვილთან მისი უპასუხისმგებლო ქმედებების შესაკავებლად. სადამდეც მიგვიყვანა ამან – საყოველთაოდ ცნობილია,”- ნათქვამია განცხადებაში.
მოსკოვმა ასევე გააკრიტიკა ნატოს გენერალური მდივანი იააპ დე ჰოოპ სხეფერი 16 სექტემბერს მისი გორში სტუმრობის გამო, სადაც მან მოინახულა რუსული საჰაერო იერიშების შედეგად დაბომბილი სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურა.
”ამ აქციის ანტირუსული მუხტი ნათელია,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება, ”სამწუხაროა, რომ უფრო ობიექტური სურათის სანახავად ამა წლის აგვისტოს დასაწყისის მოვლენების შესახებ მის პროგრამაში არ იყო ცხინვალში ჩასვლა, სადაც მას შეეძლო საკუთარი თვალით ენახა ქართული არმიის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ღამის სროლების ტრაგიკული შედეგები”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)