ახალი ამბები

პრეზიდენტის 2008 წლის საპარლამენტო ანგარიში – სრული ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარდგა  2008 წლის 16 სექტემბერს

”მოგესალმებით პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო,

უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებო, მთავრობის წევრებო, მოწვეულო სტუმრებო, ჟურნალისტებო!

დღეს მე მოგმართავთ, როგორც პრეზიდენტი ქვეყნისა, რომელსაც ძალიან მძიმე დღეები უდგას.

მე პრეზიდენტად ამირჩია ერმა, რომელსაც ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა გადასაჭრელი. პრეზიდენტის მანდატი და ეს უდიდესი პასუხისმგებლობა ჩემი ხალხისგან მივიღე კონკრეტული დავალებით – ჩვენი მოქალაქეებისათვის უკეთესი ცხოვრების პირობები შეგვექმნა, რადგან ძალიან ბევრს ჯერაც ძალიან უჭირს ჩვენს ქვეყანაში.

ჩვენი ხალხისთვის ახალი სამუშაო ადგილები შეგვექმნა, რადგან ძალიან ბევრია უმუშევარი და ამის გამო ებრძვის სიღარიბეს.

აგვემაღლებინა ცხოვრების დონე, რადგან უამრავ ჩვენ ოჯახს უმძიმეს პირობებში უწევს თავის გატანა.

პრეზიდენტის მანდატთან ერთად მე მივიღე ჩემი ხალხის კონკრეტული დავალება, რომ საქართველო ყოფილიყო სიღარიბის გარეშე.

ჩემი დღევანდელი გამოსვლა უნდა ყოფილიყო ანგარიში თქვენს წინაშე იმის შესახებ, თუ როგორ სრულდება ეს დავალება. უნდა მომეყოლა იმ პირველი, მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც ჩვენ დავიწყეთ ამ მიმართულებით.

ანგარიში ჩამებარებინა იმ შედეგების შესახებ, რომელიც ჯერ არ იყო საკმარისი, მაგრამ უკვე სახეზე იყო. უნდა მომეყოლა ახალი სამუშაო ადგილების შესახებ, რომელსაც ასე ელოდება დღეს ჩვენი ხალხი. მათ შესაქმნელად დამტკიცებულ და დაწყებულ ახალ იაფი კრედიტის პროგრამებზე.

მინდოდა მესაუბრა პენსიების გაზრდაზე და ქართული სოფლის ფეხზე დაყენების კონკრეტულ გეგმებზე, რთველზე, რომელშიც ჩვენ, როგორც სახელმწიფომ პირველად დავიწყეთ მევენახეების პირდაპირი სუბსიდირება და ფულადი დახმარება.

სოფლის მეურნეობის ახალ საწარმოებსა და ახალ ეკონომიკურ პროექტებზე, რომელთაც ჩვენი დაპირების მიხედვით, ათობით ათასი ახალი სამუშაო ადგილი უნდა შეექმნათ უახლოეს მომავალში.

ნაცვლად ამისა, დღეს მე თქვენს წინაშე ვდგავარ, როგორც პრეზიდენტი პატარა ქვეყნისა, რომელსაც თავს დაესხა და სრული განადგურება დაუპირა მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა სახელმწიფომ და დღევანდელი სამყაროს უდიდესმა აგრესორმა.

აქ ვდგევარ, როგორც პრეზიდენტი ქვეყნისა, რომლის წინაშე არსებულ ისედაც დიდ გამოწვევებს, კიდევ უფრო კოლოსალური მასშტაბის გამოწვევები დაემატა.

ამავე დროს, თქვენს წინაშე ვდგევარ, როგორც პრეზიდენტი სახელმწიფოსი, რომელიც არ გატყდა, რომელიც ერთ მუშტად შეკრული, მობილიზებულია, და როგორც არასდროს საკუთარი ხალხის ინტერესებისა და საკუთარი ეროვნული მიზნების მისაღწევად შეუპოვარ ბრძოლას აგრძელებს.

ჩვენი სამშობლოს წინაშე დღეს არსებული პრობლემები იმდენად დიდია, რამდენადაც სასტიკი და დაუნდობელი იყო მტრის შემოტევა ქართული სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი ერის თავისუფლების სიყვარულის გასათელად.

ჩვენ ვაფრთხილებდით მთელს სამყაროს, რომ ასეთი შეტევა მზადდებოდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.

რაც უფრო ძლიერდებოდა ეკონომიკა და წინ მიდიოდა ჩვენი სახელმწიფო, მით უფრო იზრდებოდა ეს საფრთხე და ჩვენთვის ეს აშკარა იყო.

ამას ვამბობდი ჩემს ყველა გამოსვლაში.

მთელი ჩვენი დიპლომატიური და პოლიტიკური ძალისხმევა იყო მიმართული იმისაკენ, რომ ასეთი რამ თავიდან აგვეცილებინა.

სამწუხაროდ, ცივილიზებულ სამყაროს მაშინ ვერ წარმოედგინა, რომ 21-ე საუკუნეში ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო.

ჩვენ ყველას ვაფრთხილებდით, რომ რუსეთი ძალიან საშიშ თამაშებს თამაშობს, რომ მისი დღევანდელი ხელმძღვანელობა შეპყრობილია იმპერიის აღდგენის იდეით, რომ მისი სტრატეგიული ინტერესი საქართველო არასოდეს არ განიხილებოდეს, როგორც რუსეთის ალტერნატივა ევროპისათვის ენერგორესურსების მიწოდების საქმეში. რომ საქართველოს არასოდეს არ ჰქონდეს დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთების საშუალება და არასოდეს შეიქმნას მისი ურღვევობისა და დაცულობის გარანტიები.

ასე იყო ისტორიულად და ასე იყო ახლაც.

ჩვენ არ გვქონდა უფლება დაგვეშვა ისტორიის განმეორება. ჩვენი წარსული სავსეა მაგალითებით, როდესაც საქართველო მარტო რჩებოდა დიდი აგრესორის წინააღმდეგ.

მე ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ საქართველოს ჰყოლოდა ბევრი საიმედო მეგობარი მსოფლიოში.

გასული ხუთი წლის განმავლობაში, მთელი ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა მიმართული იყო იქითკენ, რომ საქართველო გამხდარიყო ცივილიზებული სამყაროს ისეთი წევრი, რომელსაც გასაჭირში მარტოს არ მიატოვებდნენ.

გარდა ამისა, ჩვენ ვაკეთებდით ყველაფერს, რათა დაგვეცვა ის, რაც ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისათვის – მშვიდობა.

მშვიდობის შენარჩუნების მიზნით, წლების განმავლობაში ჩვენ ვითმენდით უამრავ პროვოკაციას, ვუყურებდით როგორ ამცირებენ ჩვენს ხალხს, როგორ კლავდნენ, იტაცებდნენ და ატერორებდნენ ჩვენს თანამემამულეებს.

კონფლიქტის ზონაში ვაშენებდით სკოლებს, ბაღებს, კლუბებს, კულტურულ ცენტრებს, კურორტებს, რათა შენებით და განვითარებით, უკეთესი ცხოვრების პერსპექტივითა და მაგალითით დაგვეძლია დაპირისპირება. გვეჩვენებინა ის, რომ საქართველო ყველა ეთნიკურ ჯგუფს ეკუთვნის, რათა მართლა სიყვარულით აგვეშენებინა ის, რაც მტრობას ჰქონდა დანგრეული.

მშვიდობის დასამყარებლად, ჩვენ ვახორციელებდით ჰუმანიტარულ ინტერვენციებს.

ურთულესი წინააღმდეგობების მიუხედავად ვაღვივებდით სახალხო დიპლომატიას.

ვამუშავებდით სხვადასხვა სახის ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამებს.

კონფლიქტის ზონიდან ბავშვები დასასვენებლად დაგვყავდა ჩვენს კურორტებზე. ბევრმა მათგანმა პირველად ზღვა ბათუმსა და ქობულეთში ნახა, პირველად ატრაქციონზე ჩოლოქის პარკში გაერთნენ. ჩვენს საავადმყოფოებში სამკურნალოდ მოგვყავდა სეპარატისტული რეჟიმების კონტროლს ქვეშ დარჩენილი ჩვენი მოქალაქეები. იქით ჩავდიოდით და ვუკეთებდით ოპერაციებს. აგერ არის ბატონი ფრიდონ თოდუა და ჰკითხეთ მას, თუ რამდენი ჰუმანიტარული ოპერაცია აქვს გაკეთებული ცხინვალში.

მშვიდობის გადასარჩენად სეპარატისტებს ვთავაზობდით კონფლიქტების დარეგულირების სამშვიდობო გეგმებს, რომელთაც მთელი მსოფლიო უჭერდა მხარს.

მშვიდობის შესანარჩუნებლად ჩვენ არ ვპასუხობდით ცეცხლით მოწინააღმდეგეს მაშინაც, როდესაც მათ აგვისტოს პირველ რიცხვებში დაიწყეს ჩვენი სოფლების დაბომბვა. როდესაც მათ დაგვიჭრეს და მოგვიკლეს ჩვენი ჯარისკაცები.

მშვიდობისათვის მე ცალმხრივად გამოვაცხადე ცეცხლის შეწყვეტა მაშინ, როდესაც პირველი ორმხრივი ცეცხლი გაიხსნა და ვერ წარმოიდგენთ, რამდენად მძიმე იყო იმის ნახვა, რომ მოწინააღმდეგემ ეს მხოლოდ ახალი და უფრო მასირებული შეტევის წამოსაწყებად გამოიყენა.

ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რათა თავიდან აგვეცილებინა ომი. არ გავაკეთეთ მხოლოდ ერთი რამ – არ დავნებდით მტერს მაშინ, როდესაც მან ჩვენი საზღვრები გადმოლახა და ტოტალურ შეტევაზე წამოვიდა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მინდა გითხრათ მთელი პასუხისმგებლობით – რომ სანამ ცოცხლები ვართ, ამას არც არასოდეს არ დავუშვებთ.

მტერი ჩვენს ზურგს ვერ ნახავს.

ხშირად ამბობენ, რომ ღირდა თუ არა წინააღმდეგობის გაწევა? თქვენს ძალებს შორის ხომ განსხვავებაა? მაგრამ საქართველოს სხვა ისტორიული გამოცდილება და ინსტინქტები აქვს. რაც არ უნდა დიდი და ძლიერი არ უნდა იყოს მოწინააღმდეგე, ისინი ყოველთვის ნახავენ ჩვენი ჯარისკაცების გააფთრებულ წინააღმდეგობასა და არნახულ თავდადებას. ნახავენ ჩვენი პატრიოტების დაუოკებელ სიყვარულს საკუთარი სამშობლოსა და საკუთარი თავისუფლებისადმი.

მინდა გთხოვოთ, რომ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ჩვენს 182 გმირულად დაცემულ მებრძოლს, რომელთაც მთელი მსოფლიო განაცვიფრეს თავიანთი თავდადებით. მინდა ასევე გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ 188 დაღუპულ მშვიდობიან ჩვენს თანამემამულეს.

ისინი დაიმარხნენ ქართული დროშებით და მათ სადიდებლად და მოსაგონებლად, მათი შთამომავლობის საკეთილდღეოდ, ხუთჯვრიანი დროშა არასოდეს შეწყვეტს საქართველოს თავზე ფრიალს.

ჩვენმა პატარა და ახალგაზრდა არმიამ არნახული გმირობით მიიღო გამოწვევა ასჯერ უფრო მრავალრიცხოვანი და ძლიერი მტრისაგან. იბრძოლა ისე, როგორც სამასმა არაგველმა, როგორც 9 ძმა ხერხეულიძემ.

ჩვენმა არმიამ იბრძოლა თავგანწირვით, თავდაუზოგავად, ადამიანური შესაძლებლობების ზღვარზე.

ყველაზე კრიტიკულ მომენტში ის დადგა დედაქალაქის დასაცავად და წარბშეუხრელად განაცხადა მზადყოფნა, რომ უკანასკნელი ბრძოლა გაემართა მტერთან.

ჩვენ ამ გმირების სახელები და გვარები არასოდეს დაგვავიწყდება.

მინდა ქედი მოვიხარო ყველა ქართველი ჯარისკაცის მიმართ. მათი დამსახურებით ჩვენი შვილები მხოლო

Back to top button