ნატო-საქართველოს კომისიის შექმნაზე შეთანხმება გაფორმდა
ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში გაღრმავდება ურთიერთობები და ეს ახალი ფორმატი ასევე ითვალისწინებს დემოკრატიული რეფორმების გატარებას საქართველოში.
”ამაზე დაყრდნობით იქნება მინიჭებული [დეკემბერში დაგეგმილ მინისტერიალზე] MAP საქართველოსთვის,”- განაცხადა სხეფერმა, ”მთელი ეს რეფორმების პროცესი უნდა იყოს შეუქცევადი”.
მას ეს განცხადება თბილისში მას შემდეგ გააკეთა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ლადო გურგენიძესთან ერთად ნატო-საქართველოს კომისიის დამფუძნებელ დოკუმენტს მოაწერა ხელი.
ეს გადაწყვეტილება 19 აგვისტოს ნატოს მინისტერიალმა რუსული აგრესიის ფონზე საქართველოს მხარდასაჭერად მიიღო.
გურგენიძემ განაცხადა, რომ საქართველო მადლიერია ალიანსის მხრიდან ”ნათელი” მხარდაჭერის.
”ჩვენ ვიზიარებთ დემოკრატიული ხელისუფლების, გამჭირვალობის, ანგარიშვალდებულების, თავისუფლების ღირებულებებს, რომლებსაც სერიოზულად უჭერენ მხარს მოკავშირეები,”- აღნიშნა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)