ახალი ამბები

ლავროვი ცხინვალს სტუმრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სოხუმში ვიზიტის შემდეგ დღეს ცხინვალს ეწვია და მოლაპარკებები გამართა სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერთან ედუარდ კოკოითთან.

რუსული სააგენტოების ცნობით, ცხინვალში ვიზიტისასა ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველო ამზადებს ტერაქტებს თავის თვითგამოცხადებულ რეგიონებში და მოუწოდა ევროკავშირს დააჩქაროს დამკვირვებლების გამოგზავნა.

საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების 8 სექტემბრის შეთანხმების თანახმად, ევროკავშირის 200 დამკვირვებელი 1 ოქტომბრამდე უნდა ჩამოვიდეს ადგილზე; მხოლოდ ამის შემდეგ დატოვებს რუსეთი ე.წ. ბუფერულ ზონებს, თან მოსკოვი ამას თბილისის მიერ ძალის არ გამოყენების შესახებ ევროკავშირის მიერ გარანტირებული ვალდებულების გათვალისწინებით გააკეთებს.

თუმცა ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ თბილისი ცდილობს მედვედევ-სარკოზის შეთანხმებების სათავისოდ ინტერპრეტირებას.

”ჩვენ გვაშფოთებს, რომ საქართველოს რეჟიმი ცდილობს თავისებურად განმარტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის არ გამოყენების თაობაზე მის მიერ აღებული ვალდებულება, რომ ის ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა აღიარებს, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არიან საქართველოს ნაწილები,” – იუწყება ”ინტერფაქსი” ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით, ”ეს პირდაპირი გასვლაა შეთანხმებებიდან, რომლებიც შეათანხმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ევროკავშირის სახელით და ჩვენ მსგავსი ინტერპრეტაცია არ გვაწყობს”. 

ლავროვმა სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთს მყარი გარანტია მისცა, რომ ეუთოში არცერთი ამ რეგიონთან დაკავშირებული საკითხი არ განიხილება ცხინვალის წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე. საერთშორისო დისკუსიებში ჩართვის ანალოგიური პირობა მისცა მან სოხუმსაც.

Back to top button