ახალი ამბები

ხელისუფლება მზადაა ყველა კითხვას გასცეს პასუხი – სააკაშვილი

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ხელისუფლება უნდა მოემზადოს რუსეთის აგრესიის გარშემო ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად და აღნიშნა, რომ თანახმაა ეს საგამოძიებო პროცესი საპარლამენტო ფორმატში წარიმართოს.

ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე სააკაშვილის ყოფილმა მოკავშირემ, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მოუწოდა ხელისუფლებას ამომწურავი პასუხი გასცეს ყველა კითხვას, რომელიც აგვისტოს მოვლენებმა საზოგადოებაში გააჩინა. მისი თქმით, ამ საკითხზე ხელისუფლების შემდგომი ”ადეკვატური” მოქმედება განსაზღვრავს, თუ რა დოზის დადგება მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი. მან ასევე მოუწოდა საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ, თუმცა განაცხადა, რომ ამ კომისიის ფორმატი შესათანხმებელია.

”მე მივესალმები, სხვათაშორის იმას, რომ პარლამენტს, ოპოზიციას, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს აქვთ სხვადასხვა კითხვები ამ რუსეთის აგრესიის გარშემო, ამ ომის გარშემო და ბევრ დეტალზე უნდათ დამატებითი ინფორმაცია,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, ”ეს კითხვები არის აბსოლუტურად სამართლიანი და ყოველ მათგანს აბსოლუტურად უნდა გაეცეს პასუხი და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ გავცეთ პასუხი”.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი იდეა არ არის, მხარს უჭერს პარლამენტში შეიქმნას შესაბამისი მომხსენებელთა ჯგუფი.

”გავაკეთოთ მომხსენებლების ჯგუფი, აბსოლუტურად გავხსნათ ეს ინფორმაცია, დაინიშნოს, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენელი მომხსენებლებად, მიიღონ მთელი ინფორმაცია, რაც არსებობს და არცერთი კითხვა არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი,”- განაცხადა მან, ”მე იმედი მაქვს, რომ ეს ჯგუფი იმუშავებს  სწრაფად, ეფექტურად, ამომწურავად, არ დატოვებენ პატარა კითხვასაც კი პასუხის გაცემის გარეშე. მე იმედი მაქვს, რომ ჩატარდება შესაბამისი მოსმენები, დებატები, გამჭვირვალე საპარლამენტო პროცესი”.

პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც ყველაზე მწვავე კითხვებს სვავენ ხელისუფლების მისამართით არასაპარლამენტო ძალები არიან. საპარლამენტო პარტიებს შედარებით ლოიალური პოზიცია აქვთ ხელისუფლების მიმართ.

თუმცა მთავრობის წევრებთან საუბრისას სააკაშვილმა დღეს ასევე ახსენა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართვა საგამოძიებო პროცესში.

”ჩვენ გვინდა, რომ ყველანაირი მასალები, სამხილები, რომელიც ჩვენ გვაქვს და საკმარისზე მეტი გვაქვს, გადავცეთ ამ საპარლამენტო პროცესს, არასამთავრობო ორგანიზაციებს,”- განაცხადა მან.

პრეზიდენტმა ასევე გაიმეორა, რომ ის მზადაა საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს აგვისტოს მოვლენებზე.

”საქართველო გახდა სრულიად არა პროვოცირებული, თავხედური, თავზეხელაღებული რუსული პროვოცირების ობიექტი და ჩვენ ამ სიმართლეს ყველა საერთაშორისო დონეზე აქტიურად დავამტკიცებთ,”- განაცხადა მან.

მისი თქმით, საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და  ”არ არსებობს საკითხი, რომელიც ჩვენ ვიცით და საზოგადოებამ არ უნდა იცოდეს”.

”ჩვენი განსხვავება რუსეთისაგან არის ის, რომ იქ ყველა  გადაწყვეტილებას იღებს ერთი ადამიანი  და ყველა დანარჩენი ამ ერთი ადამიანი თუნდაც ყველაზე უფრო უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას უკრიტიკოდ იღებს,”- განაცხადა მან, ”ჩვენი სიძლიერეა, რომ ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას დიდხანს ვათანხმებთ და შემდეგ დიდხანს ვაბარებთ ანგარიშს საზოგადოებას ყველა მოვლენაზე”.

Back to top button