
’პატრიოტის აქტმა’ შესაძლოა კრიზისი დააჩქაროს – ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძემ, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და დემოკრატიული განვითარების ფონდის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პატრიოტის აქტმა, თუ ის დემოკრატიულ თავისუფლებებს შეზღუდავს, შესაძლოა ქვეყნის შიგნით კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავოს.
”მე არ ვარ საქმის კურსში რას გულისხმობს ხელისუფლება ამ აქტთან დაკავშირებით, ან რა შინაარსს დებს მასში,”- განაცხადა ბურჯანაძემ 12 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, ”მაგრამ თუ ეს დოკუმენტი იქნება დაკავშირებული დემოკრატიული თავისუფლებების შეზღუდვასთან, ადამიანის უფლებების შეზღუდვასთან, პრესის და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან, ეს მხოლოდ გაამწვავებს ქვეყანაში არსებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებას, არასწორ მიმართულებას მისცემს პროცესებს და მხოლოდ დააჩქარებს კრიზისს”.
ბურჯანაძემ ხაზი გაუსვა, რომ მას არ სურს, რომ ხელისუფლებამ შეცდომები დაუშვას, რადგან ”მოგვწონს თუ არა ხელისუფლება, მისი შეცდომები ქვეყნის პრობლემა ხდება”.
ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება პატრიოტის აქტი მიღებას აპირებს, მაგრამ დასძინა, რომ დემოკრატიული თავისუფლებები არ შეიზღუდება. მან ამ აქტის სხვა ასპექტებზე საუბარს თავი აარიდა.