
რუსეთი დატოვებს თავის ძალებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში – განუცხადა ლავროვმა რაისს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 11 სექტემბერს თავის ამერიკელ კოლეგას კონდოლიზა რაისს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების შიგნით მხოლოდ რუსული სამხედრო კონტიგენტები განთავსდებიან და არა ევროკავშირის დამკვირვებლები.
რუსეთისა და ამერიკის პირველმა დიპლომატებმა, რუსეთის საგარეო უწყების თანახმად, 8 სექტემბერს მოსკოვში რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს დიმიტრი მედვედევსა და ნიკოლა სარკოზის შორის მიღწეული შეთანხმებები განიხილეს.
”მინისტრმა [ლავროვმა] აღნიშნა, რომ როგორც ამ შეთანხმებებშია ჩაწერილი, დამატებითი საერთაშორისო დამკვირვებლები განთავსდებიან მხოლოდ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ზონებში, თბილისის მხრიდან ახალი აგრესიის აღკვეთის მიზნით, ამასთან, იმის გარანტი. რომ ცხინვალის და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალა არ იქნება გამოყენებული ევროკავშირია”.
”რაც შეეხება ამ სახელმწიფოების [საქართველოს სეპარატისტული რეგიონების] შიგნით გასატარებელ ზომებს მათივე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ისინი უკვე მიღებულია იქ რუსული სამხედრო კონტიგენტების განთავსების გზით რუსეთის მხრიდან სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიღწეული ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე,”- იუწყება რუსეთის საგარეო უწყება სატელეფონო საუბრის შესახებ.
ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსული მხარე გააგრძელებს ”ენერგიულ ძალისხმევას” მედვედევი-სარკოზის შეთანხმებების შესაბამისად რეგიონში სტაბილურობის მისაღწევად.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა 11 სექტემბერს განაცხადა, რომ ”პირველ ეტაპზე” ევროკავშირის დამკვირვებლები განთავსდებიან სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებზე, რომლებიც ამჟამად რუსული ძალების მიერაა ოკუპირებული. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ”ეს მხოლოდ დასაწყისია” და მომდევნო ეტაპზე ევროკავშირის დამკვირვებლები თვითგამოცხადებული რეგიონების შიგნითაც განახორციელებენ მონიტორინგს.
8 სექტემბრის პრეზიდენტ მედვედევს და პრეზიდენტ სარკოზის შორის მიღწეული შეთანხმება აზუსტებს 12 აგვისტოს მიღწეული შეთანხმების დებულებებს. 8 სექტემბრის შეთანხმებაში ნათქვამია, რომ რუსული ძალები უნდა დაბრუნდნენ ”იმ პოზიციებზე, სადაც ისინი შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებამდე იმყოფებოდნენ”.
თბილისი და დასავლეთის სახელმწიფოები აცხადებენ ამ პუნქტზე დაყრდნობით, რომ რუსეთის გადაწყვეტილება 3 800 სამხედრო იყოლიოს თითოეულ რეგიონში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში – ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე მათი მიზანია რუსული ძალების გაყვანის მიღწევა ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს შიგნით და მათი ჩანაცვლება ევროკავშირის დამკვირვებლებით. მეორე ეტაპზე, როგორც ოფიციალური თბილისი აცხადებს, მთავარი მიზანი იქნება იმის მიღწევა, საერთაშორისო ზეწოლის გზით, რომ რუსეთმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები და გაიყვანოს დარჩენილი დამატებითი ძალები საქართველოს სეპარატისული ტერიტორიებიდან.
საომარი მოქმედებების დაწყებამდე, რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსკოვს 1 000-მდე სამხედრო ჰყავდა სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო მისიის ფარგლებში და დაახლოებით 2 500 – აფხაზეთში.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა 10 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთმა სრულად უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები.
”ეს ბიჭები ცდილობენ – ყოველ წუთას თავი აარიდონ საკუთარ ვალდებულებებს და იმას, რასაც მათმა პრეზიდენტმა [დიმიტრი მედვედევმა] დაუჭირა მხარი,” – განუცხადა მან ჟურნალისტებს. ”თქვენ იცით, რომ ჩვენ ამას აგვისტოდან მოყოლებული ვხედავთ და ეს კვლავაც გრძელდება. ისინი უნდა გავიდნენ საქართველოდან და მათ უნდა შეწყვიტონ საბაბის მოძებნა იქ დასარჩენად”.