ახალი ამბები

ეუთო საპარლამენტო არჩევნებზე საბოლოო დასკვნას აქვეყნებს

არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ (IEOM) საბოლოო მოხსენება გამოაქვეყნა საქართველოში 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებიდან სამი თვის შემდეგ.
  
IEOM მოიცავს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ეუთოს ოფისის (OSCE/ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპარლამენტის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა მისიებს, რომლებიც 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ.

IEOM-ი ქვეყნის მასშტაბით არსებული 3 558 საარჩევნო უბნიდან დაახლოებით 1 500 უბანზე აკვირდებოდა ხმის მიცემის პროცესს, ხოლო ხმების დათვლის პროცესზე დაკვირვება 150 საარჩევნო უბანზე განხორციელდა. IEOM-ს დამკვირვებლები ასევე დაესწრნენ შედეგების შეჯამების პროცესს 75 საოლქო საარჩევნო კომისიიდან 73-ში.

მოხსენების თანახმად, მაშინ როცა საარჩევნო კოდექსი ”ზოგადად ხელს უწყობს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, იგი შეიცავს ახალ დებულებებს, რომლებიც უთანასწორო პირობებს ქმნიან მმართველი პარტიის სასარგებლოდ”.

ხმის მიცემა და ხმების დათვლა

წინასწარი დასკვნის ანალოგიურად, საბოლოო მოხსენება აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღე ”ზოგადად წყნარი” იყო, ხმების დათვლა და შედეგების შეჯამება ”უფრო უარყოფითად შეფასდა IEOM-ის დამკვირვებლების მიერ”.

საბოლოო მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ იმ ფაქტმა, რომ შემაჯამებელი ოქმები არ შეიცავდა ზოგიერთ ”მნიშვნელოვან მონაცემს” – მათ შორის ამომრჩეველთა რაოდენობას ამომრჩეველთა სპეციალურ სიებში (მათ შორის ის ამომრჩევლები, რომელთაც უბნებზე მისვლა ვერ შეძლეს) და ბიულეტენების რაოდენობას საარჩევნო ყუთებში – კიდევ უფრო გაართულა ოქმებში შესული მონაცემების შეჯერება. 

მოხსენების თანახმად, IEOM-ის დამკვირვებლებმა გააანალიზეს დაახლოებით 1 300 საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმი, რამაც გამოავლინა ”პრობლემები თითქმის ყველა ოლქში საუბნო კომისიების ოქმებში არსებული მონაცემების შეჯერებასთან დაკავშირებით”.

მოხსენების თანახმად, ამგვარ შემთხვევებში პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული ხმების ჯამი და ამას დამატებული ბათილი ბიულეტენები არ შეესაბამება იმ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომელთაც ხმა მისცეს. სხვაობა 2-დან 467-ს შორის მერყეობს.

”იყო შემთხვევები, როდესაც საარჩევნო სუბიექტების ხმების მთლიანი რაოდენობა და ბათილი ხმების რაოდენობა აჭარბებდა ხელმოწერების რაოდენობას საარჩევნო სიებში, რაც შესაძლოა ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრის მანიშნებელი იყოს,” – ნათქვამია მოხსენებაში.

ამომრჩეველთა სიები

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ”მიუხედავად ამომრჩეველთა სიების გაუმჯობესების მცდელობებისა, უზუსტობები კვლავ მოსაგვარებელია”.

იგი აღნიშნავს, რომ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების და 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დროს დარეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობის შედარებამ მნიშვნელოვანი ზრდა უჩვენა.

”ზოგიერთ ოლქში, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს შორის რაოდენობის ზრდა განსაცვიფრებლად მაღალი იყო,” – ნათქვამია მოხსენებაში. ”მაგალითად, ზუგდიდის ოლქში რაოდენობა 6 000 ამომრჩევლით გაიზარდა, რაც 6%-იან ზრდას წარმოადგენს. ქუთაისში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა დააახლოებით 4 000-ით გაიზარდა, ხოლო ხელვაჩაურში – თითქმის 3 000-ით”.

ოპოზიციური რესპუბლიკური პარტია აცხადებდა არჩევნებამდე და არჩევნების დღეს, რომ ხელისუფლებამ ყალბი პირადობის მოწმობები გასცა მრავალჯერადი ხმის მიცემისთვის. იგი ასევე აცხადებდა, რომ ცესკო-ს მიერ მოწოდებული ამომრჩეველთა სიების შემოწმების შემდეგ პარტიამ უამრავი შემთხვევა აღმოაჩინა, სადაც ათზე მეტი და ზოგ შემთხვევაში 80-მდე ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული ერთსა და იმავე მისამართზე.                                  

”OSCE/ODIHR EOM-ს დამკვირვებლებმა შეძლეს დაედასტურებინათ რამოდენიმე ასეთი შემთხვევა თბილისსა და ბათუმში, სადაც ბინების მფლობელებმა არ იცოდნენ, რომ ამდენი ადამიანი იყო დარეგისტრირებული მათ ბინებში,” – ნათქვამია მოხსენებაში.  

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, თბილისში გამოვლინდა 376 მისამართი, სადაც ათზე მეტი ამომრჩეველია დარეგისტრირებული. მოხსენებაში ნათქვამია, რომ სამინისტროს საჯარო რეესტრმა შეტყობინება გაუგზავნა ამ ბინების მფლობელებს, რათა მათ გაეუქმებინათ ასეთი ხალხის რეგისტრაცია, თუ ამის სურვილი ჰქონდათ. ”შედეგად, 44 ადამიანის რეგისტრაცია გაუქმდა,” – ნათქვამია მოხსენებაში.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, 692 მისამართი იყო საბურთალოს რაიონში, სადაც ბინის ნომრები არ იყო მითითებული და სადაც ათზე მეტი ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული; ამგვარი ამომრჩევლის საერთო რაოდენობამ 12 119 შეადგინა.

საჩივრები და სარჩელები

მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ საჩივრებისა და სარჩელების წარდგენის პროცედურები ”გარკვეულწილად გამარტივდა და უფრო გასაგები გახდა”, ნათქვამია მოხსენებაში, ”ისინი მაინც ზედმეტად რთული, ურთიერთსაპირისპირო და ბუნდოვანი რჩება”. 

”როგორც ჩანს, სასამართლო სისტემაში არსებობს ზოგადი მიდგომა იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო კანონმდებლობა და მისი ინტერპრეტაცია უნდა ემსახურებოდეს განსახილველად არსებული საჩივრების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანას, რათა არ მოხდეს სასამართლოების ზედმეტად დატვირთვა,” – ნათქვამია მოხსენებაში.

მოხსენება ასევე ხაზს უსვამს საარჩევნო ადმინისტრაციების და სასამართლო სისტემის ”ნების ნაკლებობას”, რათა ”სერიოზულად და მიუკერძოებლად” განეხილათ საჩივრები და სარჩელები.

”უმეტეს შემთხვევებში მათ სათანადოდ არ განიხილეს შემთხვევები და აშკარა მიკერძოება შეინიშნებოდა მმართველი პარტიის და საჯარო მოხელეების სასარგებლოდ,” – განაგრძობს მოხსენება. ”სხვადასხვა შემთხვევებში ისინი უარს აცხადებდნენ მოწმეთა მოსმენაზე ან დოკუმენტური მტკიცებულებების ნახვაზე”.

მოხსენებაში მოყვანილია ოპოზიციის მიერ სასამართლოში შეტანილი ერთი საქმის მაგალითი. ”პროცესის დროს მოსამართლემ დაუფარავად მოახდინა პოლიტიკის გადატანა სასამართლოს დარბაზში, კითხა რა ცესკო-ს ადვოკატს, თუ რომელმა პოლიტიკურმა პარტიამ დანიშნა ცესკო-ს ის წევრი, რომელმაც მოცემული საქმის ინიცირება მოახდინა”.

”აღსანიშნავია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ [კოტე კუბლაშვილმა], OSCE/ODIHR შუალედურ მოხსენებაზე საუბრისას, განუცხადა OSCE/ODIHR EOM-ს, რომ სასამართლო სისტემა არ უნდა იყოს კრიტიკის საგანი”.

მოხსენების თანახმად, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების მიერ საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებების და ქმედებების წინააღმდეგ წარდგენილი ”თითქმის ყველა საჩივარი” წარუმატებელი გამოდგა და ”საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული მათი არც ერთი სარჩელი არ დაკმაყოფილდა”.
 
მოხსენება ასევე აღნიშნავს, რომ ცესკო-ს ადვოკატები ”გამძაფრებით და უსაფუძვლო იურიდიული დასკვნებით” იცავდნენ მმართველი პარტიის კანდიდატების, საჯარო მოხელეების და ხელისუფლების მიერ დანიშნული ცესკო-ს წევრების ქმედებებს. 

სულ 38 საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი გაუქმდა მიუხედავად იმისა, რომ  300 ოქმის გაუქმების შესახებ შევიდა სასამართლოში სარჩელი. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ეს რაოდენობა დაეფუძნა ოფიციალურ და არაოფიციალურ საჩივრებს, რომლებიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა წარადგინეს ან რომლებიც იმ ინციდენტებს უკავშირდებოდა, რომელთა მოწმენიც თავად საერთაშორისო დამკვირვებლები გახდნენ.

მოხსენების თანახმად, არსებობს ”ფართოდ გავრცელებული სარწმუნო ინფორმაცია” იმის თაობაზე, რომ ადგილობრივ დამკვირვებლებს და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა არ მისცეს საშუალება საჩივრები დაეწერათ, და ”ამ ინციდენტების დროს ადგილი ჰქონდა მუქარას, დაშინებას და საარჩევნო უბნებიდან გამოძევებას”.

”ზოგიერთ ადგილას დამკვირვებლები თავს იკავებდნენ საჩივრების დაწერისგან, ალბათ ამგვარი დაშინების გამო,” – ნათქვამია მოხსენებაში.

დაშინება, ”თავდასხმების სერია” 

მოხსენებაში საუბარია წინასაარჩევნო დაშინებების და ოპოზიციის აქტივისტებზე არჩევნების შემდგომი პერიოდის ”ძალადობრივი თავდასხმების” შემთხვევებზე.  

”[საარჩევნო] კამპანიის დროს მრავლად კეთდებოდა განცხადებები კანდიდატების, პარტიის აქტივისტების და სახელმწიფო მოხელეების დაშინების შესახებ. OSCE/ODIHR EOM-ის მიერ გადამოწმებულ სხვადასხვა კონკრეტულ განცხადებას შორის, რამდენიმე სარწმუნო აღმოჩნდა,” – ნათქვამია მოხსენებაში.

კერძოდ, მოხსენებაში ნათქვამია, რომ მასწავლებლებზე ზეწოლა განხორციელდა. ”იყო რამდენიმე დადასტურებული შემთხვევა, როდესაც სკოლის დირექტორები და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები დაემუქრნენ მასწავლებლებს, რომ ისინი დაკარგავდნენ სამსახურს, თუ კვლავაც განაგრძობდნენ ოპოზიციურ პარტიებზე მუშაობას,” – ნათქვამია მოხსენებაში.

მოხსენებას ასევე მოჰყავს ცაგერის შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებამ გაათავისუფლა მმართველი პარტიის კანდიდატი მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, რომელშიც კანდიდატი აფრთხილებს ადგილობრივ სახელმწიფო მოხელეს მმართველი პარტიისთვის ხმების 80% მოიპოვოს.

”არჩევნების შემდგომი პერიოდი აღინიშნებოდა უცნობი პირების მხრიდან ძალადობრივი თავდასხმებით ოპოზიციის აქტივისტებზე, რასაც ყოველდღიური ხასიათი ჰქონდა 29 მაისიდან 2 ივნისის პერიოდში,” – ნათქვამია მოხსენებაში.

ოპოზიციურმა კოალიციამ განაცხადა, რომ სულ ცოტა 13 ამგვარი შემთხვევა დაფიქსირდა. ”ბევრმა დაზარალებულმა იჩივლა არჩევნების დროინდელ უკანონობასთან დაკავშირებით,” – ნათქვამია მოხსენებაში.

მედია

არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ ხუთი ტელეკომპანიის – ”საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის”, ”რუსთავი 2”-ის, ”მზის”, ”აჭარის” და ”კავკასიის” – მონიტორინგი განახორციელა. საარჩევნო კამპანიის დროს ასევე განხორციელდა მონიტორინგი ოთხ გაზეთზე. ესენია: ”რეზონანსი”, ”24 საათი”, ”ალია” და ”კვირის პალიტრა”.

”ხუთივე სატელევიზიო არხი კანდიდატების და პოლიტიკური პარტიების გარკვეული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რამაც დაბრკოლება შეუქმნა ყველა საარჩევნო სუბიექტის არადისკრიმინაციულ გაშუქებას, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს,” – ნათქვამია მოხსენებაში.

”კამპანიის სიახლეების გაშუქებას დაბალანსება აკლდა ყველა ზემოხსენებულ არხზე, გარდა საზოგადოებრივი ტელევიზიისა, ხოლო ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თითქმის ყველა ტელეკომპანიის მიერ ყველაზე მეტი დრო დაეთმო”. 

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავისი ყველაზე რეიტინგული დროის თანაბარი ნაწილი დაუთმო ოპოზიციურ კოალიციას (18%) და მმართველ პარტიას (17%), ეს უკანასკნელი ”ბევრად უფრო დადებითად გაშუქდა”, ხოლო ოპოზიციური ბლოკის გაშუქება ”ძირითადად ნეიტრალური იყო”.

”თუმცა უდიდესი წილი მოდის პრეზიდენტზე და მთავრობაზე (ერთად 32%) და მათი გაშუქების ტონი ძირითადად პოზიციური იყო,” – ნათქვამია მოხსენებაში.

”რუსთავი 2”-მა, ”აჭარამ” და ”მზემ” ინტენსიურად გააშუქეს მმართველი პარტიის საქმიანობა, ხოლო ”კავკასიამ”, რომელიც მხოლოდ თბილისში მაუწყებლობს, თავისი საეთერო დროის უმეტესობა ოპოზიციას დაუთმო. ”მან თავისი საეთერო დროის უდიდესი ნაწილი გაერთიანებულ ოპოზიციას დაუთმო და მკაცრად აკრიტიკებდა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და ხელისუფლებას”.

მოხსენების თანახმად, დამკვირვებლების მიერ შესწავლილი გაზეთები ”შეხედულებების ფართო სპექტრს მოიცავდა”.

”მაშინ როცა ”24 საათი” სახელმწიფო მოხელეების სასარგებლოდ წერდა, ”რეზონანსი”, ”ალია” და ”კვირის პალიტრა” ოპოზიციურ ბლოკს უჭერდა მხარს და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და ხელისუფლებას აკრიტიკებდა,” – ნათქვამია მოხსენებაში.

მსგავსი/Related

Back to top button