
სააკაშვილი კონფლიქტის დროს გორის დატოვების მიზეზებს ხსნის
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება ქართული ძალების მიერ გორის დატოვების შესახებ იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინა უზარმაზარი ”მსხვეპლი და ნგრევა”.
”ჩვენ მოგვიხდა გორის დატოვება და მე მივიღე ეს გადაწყვეტილება სრულიად შეგნებულად,”- განუცხადა მან დღეს გორში ჟურნალისტებს, ”თუმცა არ ვიცოდი, რომ ასეთი ჩქარი შეტევა იქნებოდა და ვერ მოვასწრებდით ხალხის ორგანიზებულ ევაკუაციას”.
მას შემდეგ, რაც 10 აგვისტოს ქართულმა შენაერთებმა ცხინვალი დატოვეს, რუსული ძალები საქართველოს სირღმეებში შემოვიდნენ და მათ თითქმის ორი კვირის განმავლობაში ეკავათ ქალაქი გორი. რუსული ოკუპაციის პირობებში გორი თითქმის დაცლილი იყო მოსახლეობისაგან. მათ დაბრუნების დაწყება მხოლოდ 22 აგვისტოს შემდეგ დაიწყეს, რაც ქალაქში ქართული ადმინისტრაცია აღდგა და პოლიცია დაბრუნდა.
”მე ვიცი, რომ ბევ გორელს შეიძლება დარჩენოდა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებამ ისინი მიატოვა პირისპირ დამპყრობელთან, მაგრამ აქ ქალაქში ბრძოლები დაანგრევდა მთელ ქალაქს,”- განაგრძო სააკაშვილმა, ”იმ სიტუაციაში, სამწუხაროდ, დიდი ძალა იმდენად ჩქარა წამოვიდა, რომ ორგანიზებული ევაკუაცია ვერ მოვახერხეთ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ გუბერნატორმა ძალიან კარგად იმუშავა”.
გორის ადგილობრივ ადმინისტრაციასთან გამართულ შეხვედრაზე დღესვე სააკაშვილმა განაცხადა, რომ მომდევნო სამი თვე ძირითადი აქცენტი გაკეთდება დაზარალებულთა დახმარებაზე, შემდეგ კი ”ჩვენი ამოცანაა, რომ გორისგან გავაკეთოთ ძალიან მაგარი ქალაქი და ამ გმირული მხარისგან, ქართლისგან გავაკეთოთ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მდიდარი მხარე”.