ახალი ამბები

წინააღმდეგობა ევროკავშირის დამკვირვებელთა განთავსების ადგილმდებარეობაზე

პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი ფრანგი კოლეგა ნიკოლა სარკოზი 9 სექტემბერს, თბილისში შუაღამით გამართულ პრესკონფერენციაზე. სააკაშვილი აჩვენებს მის სახელზე გაკეთებულ განცხადებას, რომელსაც ხელს აწერენ პრეზიდენტი სარკოზი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო. ფოტო: ინტერპრესნიუსი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 10 სექტემბერს განაცხადა, რომ ევროკავშირის დამკვირვებლებს მიეცემათ საშუალება განთავსდნენ მხოლოდ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე და არა ამ ორი რეგიონის შიგნით.

თუმცა, საქართველოს თქმით, ევროკავშირის დამკვირვებლები სიტუაციის გაკონტროლებას ორი თვითგამოცხადებული რეგიონის შიგნითაც შეძლებენ.

AFP იტყობინება 10 სექტემბერს საგარეო პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი კომისრის ხავიერ სოლანას სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ” იმ სულისკვეთებით განთავსდება [საქართველოში], რომ მას ყველგან განთავსება შეეძლება”. 

შეთანხმების ფრანგულ და რუსულ ვერსიებში, ასევე ქართულ თარგმანში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსდა, ნათქვამია: ”რუსული სამშვიდობო ჯარების სრული გაყვანა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ზონებიდან და მათი დაბრუნება იმ პოზიციებზე, სადაც ისინი შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებამდე იმყოფებოდნენ. გაყვანის ეს პროცესი განხორციელდება, ამ ზონებში საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში, მათ შორის იგულისხმება არანაკლებ 200 დამკვირვებელი ევროკავშირიდან, და რომელიც უნდა  შესრულდეს 2008 წლის 1 ოქტომბრამდე, იმ სამართლებრივი დოკუმენტების გათვალისწინებით, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის არ გამოყენების ვალდებულებას”.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 10 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში: ”ევროკავშირის ინიციატივით გამართულ მოლაპარაკებებზე [მოსკოვში 8 სექტემბერს] განისაზღვრა საერთაშორისო დამკვირვებლების განლაგების არეალი – მთელი საქართველო, პირველ ეტაპზე – კონფლიქტური რეგიონების მიმდებარე ტერიტორია, ხოლო შემდგომ, ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთიც”.

მოსკოვში ხელმოწერილ შეთანხმებაში არაფერია ნათქვამი განთავსების ”პირველ” და ”შემდგომ” ეტაპებზე. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ეყრდნობიან წერილს/განცხადებას, რომელიც პრეზიდენტმა სარკოზიმ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ პრეზიდენტ სააკაშვილის მისამართით გააკეთეს. 

დოკუმენტში, რომელიც ქართულმა მხარემ სარკოზის და ბაროზოს თბილისში ვიზიტის დროს გაახმოვანა, ნათქვამია, რომ საფრანგეთის და ევროკომისიის პრეზიდენტები ”კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ევროკავშირი მზად არის დამკვირვებლები განათავსოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე”.

9 სექტემბერს შუაღამისას პრეზიდენტ სარკოზისთან თბილისში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჟურნალისტებს ეს წერილი უჩვენა და განაცხადა, რომ ევროკავშირის დამკვირვებლებმა ”ნაბიჯ-ნაბიჯ” უნდა მოიცვან საქართველოს მთელი ტერიტორია, სამხრეთ ოსეთის ჩათვლით.

მოსკოვში პრესკონფერენციაზე საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაგმო შეთანხმების ამგვარი ინტერპრეტაცია და განაცხადა, რომ მოსკოვისთვის ”არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა მოხდა თბილისში, რა განიხილეს თბილისში”.

”ჩვენ სულაც არ გვაინტერესებს ის ქაღალდი, რომელსაც ბატონი სააკაშვილი ჯიბიდან იღებს და ჟურნალისტებს უჩვენებს,” – განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, ამგვარი ინტერპრეტაცია არის ”აბსოლუტურად არაკეთილსინდისიერი მცდელობა პატიოსნად არ აუხსნან სააკაშვილს, თუ რა ვალდებულებები აიღო ევროკავშირმა”.

ამ ეტაპზე მხოლოდ გაეროს და ეუთოს დამკვირვებლებს შეუძლიათ განთავსდნენ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შიგნით.

დოკუმენტში ნათქვამია: ”UNOMIG –ის საერთაშორისო დამკვირვებლები გააგრძელებენ თავიანთი მანდატით განსაზღვრულ საქმიანობას მათი პასუხისმგებლობის ზონებში იმავე რაოდენობრივი შემადგენლობითა და განლაგების სქემის მიხედვით, როგორც იყვნენ 2008 წლის 7 აგვისტოს, ვიდრე გაეროს უშიშროების საბჭოს შესაძლო მომავალი გადაწყვეტილება არ შეიტანს რაიმე ცვლილებას”.

ხოლო ეუთოს დამკვირვებელთა მიმართებაში, დოკუმენტში ნათქვამია: ”ეუთოს საერთაშორისო დამკვირვებლები გააგრძელებენ თავიანთი მანდატით განსაზღვრულ საქმიანობას მათი პასუხისმგებლობის ზონებში იმავე რაოდენობრივი შემადგენლობითა და განლაგების სქემის მიხედვით, როგორც იყვნენ 2008 წლის 7 აგვისტოს, ვიდრე ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს შესაძლო მომავალი გადაწყვეტილება არ შეიტანს რაიმე ცვლილებას”.

საომარი მოქმედებების დაწყებამდე ეუთოს რვა უიარაღო სამხედრო დამკვირვებელი ჰყავდა ცხინვალში, რომლებიც სიტუაციას აკონტროლებდნენ ადგილზე ცხინვალიდან 15-კილომეტრიან რადიუსში.

თუმცა, ლავროვმა 10 სექტემბერს განაცხადა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოქმედი გაეროსა და ეუთოს სადამკვირვებლო მისიების მანდატები სეპარატისტულ ხელისუფლებებთან შესათანხმებელია.

”საჭიროა [მანდატების] ადაპტაცია და ამით დაკავდებიან გაეროს უშიშროების საბჭოს და ეუთოს შესაბამისი სტრუქტურები,”- განაცხადა ლავროვმა.

იმავდროულად, აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა მოითხოვა ”გაეროს დამკვირვებელთა მისიას საქართველოში”, რომელიც სეპარატისტული რეგიონის მონიტორინგს განაგრძობს, გადაერქვას სახელწოდება.

”ამ დღეებში ვესაუბრე მათ ხელმძღვანელობას, ვკითხე: დღესდღეობით თქვენ, უკვე მომხდარი აღიარების გათვალისწინებით, სად იმყოფებით საქართველოში თუ აფხაზეთში? ვთხოვე დააყენონ მათ საკითხი გაეროში: ან ისინი ჩვენთან რჩებიან, ან თუ გავითვალისწინებთ მათ სახელწოდებას, უნდა გადაბარგდნენ საქართველოში,”- განაცხადა ბაღაფშმა ”როსიისკაია გაზეტასთვის” მიცემულ ინტერვიუში. მან იქვე დასძინა, რომ სოხუმი ამ საკითხს მოსკოვთან შეათანხმებს.

 

 

Back to top button