ახალი ამბები

ოპოზიციური პარტიები კრიზისის დაძლევის ერთიან გეგმაზე მსჯელობენ

დღეს კონსერვატიული პარტიის ოფისში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შეიკრიბნენ ქვეყანაში არსებული ვითარებასა და კრიზისის დაძლევის შესახებ გეგმაზე სამსჯელოდ.

შეხვედრას ესწრებოდნენ კონსერვატიული პარტიის, ხალხის პარტიის, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის წარმომადგენლები, ასევე ლევან გაჩეჩილაძე და გოგა ხაინდრავა. 

”შექმნილ რთულ ვითარებაში ჩვენ შევიკრიბეთ, რომ დავიწყოთ კონსულტაციები ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, კრიზისის დაძლევის ერთიანი გეგმის შემუშავების შესახებ,”- განაცხადა კახა კუკავამ კონსერვატიული პარტიიდან, ”ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს ქართულმა საზოგადოებამ უნდა გამოაქვეყნოს ერთიანი ხედვა”.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთიანი მოთხოვნები, სავარაუდოდ, ორშაბათს გახდება ცნობილი.

კუკავამ ასევე განაცხადა, რომ ოპოზიცია განიხილავს ახალი მემარჯვენეების მიერ მომზადებულ დოკუმენტს. 9 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ მოითხოვა სააკაშვილის გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ კონსულტაციების შედეგად რამდენიმე მოთხოვნა შეჯერდება, მათ შორის ”ეს შეეხება როგორც ვადამდელი არჩევნების საკითხს, ასევე საარჩევნო კანონმდებლობას”.  

იმავდროულად, დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ (ედპ) ოპოზიციურ ძალებს ხელისუფლებასთან სოლიდარული პოზიციისკენ მოუწოდა.

”საქართველოს პოლიტიკური ორგანიზაციების მხრიდან ომის მთავარი ორგანიზატორის საბაბით პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყენების მოთხოვნა არის დასავლეთის პოლიტიკური კურსის არ ცოდნა, რუსული პოლიტიკის ნაწილი და ქართული სახელმწიფოსთვის საზიანო საქმე,” –  განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ედპ-ს ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ. 

მას მხედველობაში ჰქონდა ყოფილი პოლიტიკური პარტნიორის ახალი მემარჯვენეებისა და ასევე ლეიბორისტების განცხადებები პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით.

ედპ-მ მრეწველებთან და საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად ცოტა ხნის წინ მმართველ პარტიასთან გააფორმა ქარტია, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიის პირობებში პოლიტიკოსების ერთიანი პოზიციის დემონსტრირებას ისახავს მიზნად. თუმცა ამ ქარტიას არ შეუერთდნენ ძირითადი ოპოზიციური ძალები ოპოზიციური კოალიციიდან, რესპუბლიკელები და ლეიბორისტები.

Back to top button