ახალი ამბები

გაეროსა და ეუთოს სადამკვირვებლო მისიების მანდატები შესათანხმებელია – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოქმედი გაეროსა და ეუთოს სადამკვირვებლო მისიების მანდატები სეპარატისტულ ხელისუფლებებთან შესათანხმებელია.

”საჭიროა [მანდატების] ადაპტაცია და ამით დაკავდებიან გაეროს უშიშროების საბჭოს და ეუთოს შესაბამისი სტრუქტურები,”- ”იუწყება 10 სექტემბერს ”ინტერფაქსი” ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.

8 სექტემბერს რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების მიერ შეთანხმებულ ტექსტში საუბარია, რომ გაეროს დამკვირვებლები აფხაზეთის, ხოლო ეუთოს მონიტორები ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების ზონებში საომარ მოქმედებებამდე არსებული მანდატის ფარგლებში ისევ გააგრძელებენ დაკვირვებას, თუმცა ასევე აღნიშნულია მათი მანდატების შესაძლო გადახედვის შესახებ.

იმავდროულად, აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა მოითხოვა ”გაეროს დამკვირვებელთა მისიას საქართველოში”, რომელიც სეპარატისტული რეგიონის მონიტორინგს განაგრძობს, გადაერქვას სახელწოდება.

”ამ დღეებში ვესაუბრე მათ ხელმძღვანელობას, ვკითხე: დღესდღეობით თქვენ, უკვე მომხდარი აღიარების გათვალისწინებით, სად იმყოფებით საქართველოში თუ აფხაზეთში? ვთხოვე დააყენონ მათ საკითხი გაეროში: ან ისინი ჩვენთან რჩებიან, ან თუ გავითვალისწინებთ მათ სახელწოდებას, უნდა გადაბარგდნენ საქართველოში,”- განაცხადა ბაღაფშმა ”როსიისკაია გაზეტასთვის” მიცემულ ინტერვიუში.

Back to top button