ახალი ამბები

მოსკოვი გაეროში საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს ითხოვს

რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში წარადგინა რეზოლუციის პროექტი, რომელშიც საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებას ითხოვს. 

რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს ქვეყნებს მიიღონ ზომები, რომლებიც აკრძალავს საქართველოსთვის ”იარაღის ან სამხედრო აღჭურვილობის” მიყიდვას, ასევე ნებისმიერ სამხედრო ”დახმარებას, კონსულტაციებს ან წვრთნებს,” იტყობინება ”როიტერი”.

რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა 9 სექტემბერს განაცხადა, რომ მოსკოვი დარწმუნებულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამგვარი რეზოლუციის წინააღმდეგ გამოვა. თუმცა, მის თქმით, რეზოლუციის პროექტის წარდგენით რუსეთი საჭირო და მნიშვნელოვან ”პოლიტიკურ განცხადებას” აკეთებს.

”როიტერი” იტყობინება გაეროში აშშ-ს მისიის ოფიციალური წარმომადგენლის კაროლინ ვადინოს სიტყვებზე დაყრდნობით, რომ რეზოლუციის პროექტი არის ”რუსეთის მცდელობა ყურადღება გადაეტანა მისი რეალური ვალდებულებიდან” – რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აიღო.

ამავრდოულად, Associated Press-ს იტყობინება 10 სექტემბერს ისრაელის თავდაცვის უწყების უცნობ წყაროზე დაყრდნობით, რომ ისრაელის მთავრობამ გასცა განკარგულება, რომლითაც მოუწოდა თბილისისთან იარაღით ვაჭრობაში ჩართულ ბიზნესმენებს დაუყონებლივ შეწყვიტონ ვიზიტები საქართველოში.

 

Back to top button