ახალი ამბები

რუსეთმა სრულად უნდა შეასრულოს ვალდებულებები – აშშ

სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო კონტინგენტების დატოვება არ შეესაბამება რუსეთის ვალდებულებას დააბრუნოს ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა 9 სექტემბერს. 

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განუცხადა პრეზიდენტ მედვედევს 9 სექტემბერს, რომ რუსეთი თითოეულ რეგიონში 3 800 სამხედროს განათავსებს. იმავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დააზუსტა, რომ ესენი იქნებიან არა სამშვიდობოები, არამედ ჩვეულებრივი საჯარისო კონტიგენტები.

”როგორც ჩანს, ისინი არ აკეთებენ იმას, რისი გაკეთების შესახებაც პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა,” – განაცხადა მაკკორმაკმა, ”და მან [პრეზიდენტმა მედვედევმა] თავიდანვე განაცხადა, რომ დააბრუნებდა ძალებს 6 აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე”.

”მე ვფიქრობ, სამშვიდობოების ან რუსული ჯარების რაოდენობა სამხრეთ ოსეთში 1000-ის ფარგლებშია ან 1000-ზე მეტს შეადგენს. ისინი უნდა დაუბრუნდნენ 6 აგვისტომდე არსებულ პოზიციებს. ჩვენი სურვილია ასე მოხდეს, რადგანაც რუსებმაც განაცხადეს, რომ ეს ასე იქნება და ეს არის ის, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა. კითხვა კი სინამდვილეში ასეთია: ”არსებობს აზრთა სხვადასხვაობა პრეზიდენტ მედვედევს და იმ ოფიციალურ პირებს შორის, რომლებიც ამგვარ განცხადებებს აკეთებენ?” – დასძინა მან.

 

Back to top button