
აშშ-ის მისია ქართული ჯარის საჭიროებებს შეაფასებს
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე კვირას შემფასებელ მისიას გამოაგზავნის, რომელიც ”საქართველოს საჭიროებების დადგენაში დაეხმარება,” განაცხადა თავდაცვის მდივნის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში ერიკ ედელმანმა 9 სექტემბერს.
”საქართველოს, როგორც ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანას, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი თავი და მოიგერიოს ახალი აგრესია,” – განაცხადა მან აშშ-ს სენატის სამხედრო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც აშშ-ის საქართველოსადმი პოლიტიკას შეეხებოდა.
”ამ საჭიროებების შეფასებების შემდეგ, ჩვენ განვიხილავთ, თუ რა დახმარება შეუძლია აღმოუჩინოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და შეიარაღებული ძალების რეკონსტრუქციაში,” – განაცხადა მან. ”ეს ნაბიჯები თანმიმდევრული იქნება და გაგრძელდება აშშ-ს მხარდაჭერის საჩვენებლად საქართველოს უსაფრთხოების, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”.
მან ასევე განაცხადა, რომ მართალია რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ”შეეცადა აშშ დაედანაშაულებინა ”საქართველოს კბილებამდე შეიარაღებაში”, საქართველოს შეიარაღებული ძალები არასოდეს იწვრთნებოდნენ ან აღიჭურვებოდნენ აშშ-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად”.