
თბილისის მიერ ძალის გამოყენება არაგონივრული იყო – აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელი
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელმა რუსეთი დაადანაშაულა საქართველოს წინააღმდეგ ”წინასწარ დაგეგმილი ოპერაციის” დაწყებაში, მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისის მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენება ”არაგონივრული” იყო.
”საქართველოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება კონფლიქტის ზონაში ძალის გამოყენების თაობაზე არაგონივრული იყო,” – განაცხადა თავდაცვის მდივნის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში ერიკ ედელმანმა 9 სექტემბერს, ”მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ისევ გაურკვეველი რჩება, როგორც ჩანს, ქართველებმა განახორციელეს, რაც მათ მიაჩნდათ შეზღუდულ სამხედრო ოპერაცია, რომლის პოლიტიკური მიზანიც სამხრეთ ოსეთზე საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენა იყო, რათა ოსი სეპარატისტების მიერ ქართველი მოსახლეობის დევნის აღკვეთა მომხდარიყო”.
აშშ-ს სენატის სამხედრო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, მან განაცხადა, რომ საქართველოს სამხედრო ოპერაცია ”ნაჩქარევად დაიგეგმა და განხორციელდა”.
”საარტილერიო ცეცხლის და რაკეტების გამოყენება დასახლებულ ადგილებში და რუსი სამშვიდობოების სიახლოვეს სამწუხარო ფაქტია და ჩვენ ამ ფაქტის იგნორირებას არ ვახდენთ,” – დასძინა მან.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დანიელ ფრიდმა იმავე საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ აშშ-მა გააფრთხილა საქართველო არ გამოეყენებინა ძალა.
”7 აგვისტოს ჩვენ მათ [საქართველოს ხელისუფლებას] განუწყვეტლივ ვაფრთხილებდით არ გადაედგათ ასეთი ნაბიჯი,” – განაცხადა ფრიდმა, ”ჩვენ აღვნიშნეთ, რომ სამხედრო ძალის გამოყენება, პროვოკაციების შემთხვევაშიც კი, კატასტროფას გამოიწვევდა. ჩვენ ამ მკაფიოდ ჩამოყალიბებულ მოსაზრებას პირდაპირ, ყოველგვარი შერბილების გარეშე, გადავცემდით [საქართველოს ხელისუფლებას]”.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ქმედებამ ცხინვალში, ”რუსეთს მისცა საბაბი საპასუხო ნაბიჯები გადაედგა, მაგრამ ეს პასუხი სწრაფად აღმოჩნდა საქართველოს ქმედებებზე გაცილებით არაპროპორციული.”
”მოვა დრო იმის შესაფასებლად, თუ რა მოხდა კონფლიქტის დაწყების საწყის ეტაპზე, თუმცა ერთი ფაქტი ნათელია – რუსეთის საქართველოში შეჭრას არანაირი გამართლება არ აქვს. გაუმართლებელია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაპყრობა, მათ შორის იმ ტერიტორიის, რომელიც სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს სცილდება,” – განაცხადა ფრიდმა.
თავდაცვის მდივნის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში ერიკ ედელმანმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს სახმელეთო ოპერაცია მხოლოდ საბაბი იყო რუსეთისთვის.
”ნათელია, რომ რუსეთის პოლიტიკურმა და სამხედრო ხელმძღვანელობამ წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია განახორციელა, რათა ძალისმიერად და სწრაფად შეეცვალა საქართველოში არსებული სტატუს ქვო,” – განაცხადა მან.
ედელმანმა ასევე განაცხადა, რომ დაძაბულობის ესკალაცია სამხრეთ ოსეთში ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში დაიწყო, როდესაც ქართულ და სამხრეთ ოსურ ძალებს შორის ურთიერთშეტაკებები მოხდა.
სროლები, მისი თქმით, 5-6 აგვისტოს გაძლიერდა, როდესაც სამხრეთ ოსურმა სეპარატისტულმა ძალებმა ცხინვალის სამხრეთით და ჩრდილოეთით მდებარე ქართულ სოფლებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. მან ასევე აღნიშნა, რომ 7 აგვისტოს საქართველომ ცალმხრივად გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა, როგორც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტისა, სამხრეთ ოსური მხარე კვლავ განაგრძობდა ქართული სოფლების დაცხრილვას.
”იმ ღამეს ქართველებმა განაცხადეს, რომ იძულებული გახდნენ დაეცვათ თავიანთი მოქალაქეები და დაიწყეს სახმელეთო ოპერაციები, რათა სამხრეთ ოსურ საცეცხლე პოზიციებზე იერიში მიეტანათ,” – განაცხადა ედელმანმა.
”საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთში განხორციელებული ქმედებებიდან რამდენიმე საათში, რუსეთის ათასობით ჯარისკაცის, ასობით ტანკის და საბრძოლო ტექნიკის კონცენტრირება მოხდა სამხრეთ ოსეთში, ხოლო ათობით თვითმფრინავი საჰაერო შეტევებს ახორციელებდა თბილისის მიერ კონტროლირებად ქართულ ტერიტორიებზე,” – დასძინა მან.
ედელმანის თქმით, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის თავდაცვის დეპარტამენტიდან, ხშირი კონტაქტები ჰქონდათ რუსეთის სამხედრო პირებთან, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მათი სამხედრო ამოცანები შეზღუდულ ხასიათს ატარებდა და მიზნად ისახავდა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეების და სამშვიდობოების დაცვას, ასევე ქართული ძალების დაბრუნებას 6 აგვისტოს არსებულ პოზიციებზე.
თუმცა, ედელმანმა აღნიშნა: ”სავსებით ნათელი გახდა, რომ როგორც ჩანს, რუსეთის არც ოპერატიულ არც სტრატეგიულ მიზნები შეუზღუდავია”.
მან ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული დაძაბულობისა, ამერიკის შეერთებულ შტატებს ”7 აგვისტომდე არანაირი გაფრთხილება არ მიუღია მოახლოებული ფართომასშტაბიანი კონფლიქტის შესახებ”.
ედელმანის თქმით, პირველი ნიშანი საქართველოში საყოველთაო მობილიზაციის კუთხით მაშინ გაჩნდა, როდესაც ”ქართული ჯარები, რომლებიც ერაყში განთავსებისთვის იწვრთნებოდნენ, წვრთნაზე არ გამოცხადდნენ”.
იმ დროს აშშ-ს სამხედრო ინსტრუქტორები საქართველოს მე-4 ბრიგადას წვრთნიდნენ, რათა ისინი 2008 წლის ბოლოსთვის ერაყში გამგზავრებულიყვნენ.