
სეპარატისტულ რეგიონებში 7 600 რუსი სამხედრო განთავსდება
სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, თითოეულში, 3 800 რუსი სამხედრო იქნება განთავსებული, განუცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა პრეზიდენტ მედვედევს დღეს გამართულ შეხვედრაზე.
”აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიღწეულია შეთანხმება ჯარების რაოდენობაზე (თითოეულ რესპუბლიკაში 3 800 ადამიანი) და სტრუქტურაზე და ასევე მათი დისლოკაციის თაობაზე,”- იუწყება კრემლი 9 სექტემბერს, ”სამხრეთ ოსეთში ეს იქნება ქალაქები ჯავა და ცხინვალი, აფხაზეთში კი ჯარები დროებით განლაგდება რუსი სამშვიდობოების დისლოცირების ადგილებში”.
ამავე ცნობით, შეხვედრისას პრეზიდენტმა მედვედევმა აღნიშნა, რომ მის მიერ აღიარებული სეპარატისტული რესპუბლიკების თხოვნით ამჟამად რუსული ჯარები რეგიონებში ”მშვიდობის მხარდაჭერის” ფუნქციებს ასრულებენ, ვიდრე არ გაფორმდება შეთანხმებები სოხუმთან და ცხინვალთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების თაობაზე. ამ შეთანხმებებით, სავარაუდოდ, რუსული სამხედრო ყოფნის სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება.
მედვედევმა ასევე განაცხადა, რომ 8 სექტემბერს ფრანგ კოლეგასთან ნიკოლა სარკოზისთან მიღწეული დამატებითი შეთანხმების თანახმად, რუსულმა ძალებმა უნდა დატოვონ უსაფრთხოების ზონები და ისინი ჩაანაცვლონ საერთაშორისო დამკვირვებლებმა.
”ეუთოს და ევროკავშირის დამკვირვებლები საქართველოს ტერიტორიაზე რაც შეიძლება ბევრი უნდა იყოს,”- იუწყება კრემლი მედვედევის სიტყვებზე დაყრდნობით.
8 სექტემბრის შეთანხმების თანახმად, 15 სექტემბრამდე რუსეთმა უნდა მოხსნას ხუთი საგუშაგო პოსტი ფოთიდან და სენაკიდან; 1 ოქტომრამდე კი უზრუნველყოფილი უნდა იქნას საერთაშორისო მექანიზმების, მათ შორის ევროკავშირიდან 200 დამკვირვებლის განთავსება, ე.წ. ბუფერულ ზონებში, რომელიც კონფლიქტური რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებს მოიცავს; რუსეთი იღებს ვალდებულებას მათი ჩამოსვლიდან 10 დღეში დატოვოს ეს ზონები.
თუმცა მოსკოვმა ნათლად განაცხადა, რომ არ აპირებს საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონებიდან გასვლას; იმავდროულად დაადასტურა, რომ გაეროს დამკვირვებლები აფხაზეთის, ხოლო ეუთოს მონიტორები ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების ზონებში საომარ მოქმედებებამდე არსებული მანდატის ფარგლებში ისევ გააგრძელებენ დაკვირვებას. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შეეძლებათ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შიგნით მონიტორინგის განხორციელება.
იმავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 9 სექტემბერს განაცხადა, რომ მოსკოვმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა ცხინვალთან და სოხუმთან.
სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრებთან სერგეი შამბასთან და მურატ ჯიოევთან შეხვედრის შემდეგ, ლავროვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხარეების ექსპერტების მიერ მომზადებულია ე.წ. ჩარჩო შეთანხმებები მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების თაობაზე.
ლავროვმა აღნიშნა, რომ ეს შეთანხმებები ასევე მოიცავს სამხედრო დახმარებას, იტყობინება ”ინტერფაქსი”.
”გათვალისწინებულია, რომ შეთანხმების თითოეული მხარე მიანიჭებს მეორე მხარეს უფლებას ააშენოს, გამოიყენოს და განავითაროს სამხედრო ინფრასტრუქტურა და სამხედრო ობიექტები,” – განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, ასევე გათვალისწინებულია თანამშრომლობა საზღვრის დაცვის სფეროში.
”იმ დოკუმენტებს შორის, რომელთაც ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ, არის შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ სახელმწიფო საზღვრების დაცვის, საბაჟო სამსახურის, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, ტერორიზმის, ნარკოტრეფიკინგის აღკვეთის საქმეში,” – დასძინა ლავროვმა.
აგვისტოს ბოლოს რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა განაცხადეს, რომ მზადდება შეთანხმებები სამხედრო თანამშრომლობის შესახებ რუსეთსა სეპარატისტებს შორის, რაც ითვალისწინებს აფხაზეთში ორი, ხოლო ცხინვალის რეგიონში ერთი სამხედრო ბაზის განთავსებას.
ამავე ინფორმაციით, ეს გეგმა ითვალისწინებს რუსული ძალების განთავსებას გუდაუთის და ოჩამჩირის ბაზებზე. საქართველო დიდი ხანია აცხადებს, რომ გუდაუთის ბაზა რუსებს არასდროს დაუხურიათ. რაც შეეხება ოჩამჩირეს, იქ პორტი მდებარეობს.
გასულ თვეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგეგმება რუსული სამხედრო ბაზის გახსნა ჯავაში. საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, რუსულმა მხარემ ჯავაში სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობა საქართველოში შემოჭრამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.