ახალი ამბები

მოსკოვმა დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები სოხუმთან და ცხინვალთან

რუსეთმა დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებთან  – აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, რომელთაც დამოუკიდებლობა 26 აგვისტოს ცალმხრივად აღიარა.

”ჩვენ გავცვალეთ ნოტები, რომლებიც შეიცავდა შეთანხმებებს რუსეთსა და აფხაზეთს და რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე,”- იუწყება 9 სექტემბერს ”ინტერფაქსი” რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვი სიტყვებზე დაყრდნობით.

დღეს ლავროვი მოსკოვში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრებს სერგეი შამბასა და მურატ ჯიოევს შეხვდა.

8 სექტემბერს პრეზიდენტმა მედვედევმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვი არ გადახედავს თავის გადაწყვეტილებას საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონების აღიარების თაობაზე და აპირებს მათ სამხედრო სფეროშიც აღმოუჩინოს დახმარება.

Back to top button