ახალი ამბები

მემარჯვენეები ხელისუფლებას ძალის არ გამოყენებაზე შეუთანხმებლობის გამო აკრიტიკებენ

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ ხელისუფლება გააკრიტიკა იმის გამო, რომ თავის დროზე არ აიღო ვალდებულება სეპარატისტული რეგიონების მიმართ ძალის არ გამოყენების თაობაზე, რაც მშვიდობიანი მოგვარებისთვის მეტ შესაძლებლობას გააჩენდა.

8 სექტემბერს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ მან რუს კოლეგას გადასცა საქართველოს პრეზიდენტის წერილი, სადაც ის ვალდებულებას იღებს, რომ არ გამოიყენებს ძალას სეპარატისტული რეგიონების წინააღმდეგ. დიმიტრი მედვედევმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ვალდებულების გარანტორია ევროკავშირი და ამისრუსეთი დათანხმდა თვითგამოცხადებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებიდან თავისი ძალების გაყვანას და მათი ევროპელი დამკვირვებლებით ჩანაცვლებას.

თუმცა ამ თემას არ შეხებიან სარკოზი და მიხეილ სააკაშვილი 9 სექტემბერს შუაღამისას გამართულ პრესკონფერენციაზე.

”დიდი ხანი მიდიოდა ამაზე საუბარი და საკმაოდ ადრე ირაკლი ალასანია სწორედ ამას სთავაზობდა ხელისუფლებას, რომ ჩვენ მოგვეწერა ხელი ამ დოკუმენტისთვის, მიგვეცა ეს გარანტიები, რაც ხსნიდა ძალიან დიდი პერსპექტივას აფხაზებთან, პირველ რიგში და მერე შესაბამისად, ოსებთან პირდაპირი დიალოგის დაწყებისა, რაზეც კატეგორიული უარი ითქვა მაშინ სააკაშვილის და მისი გარემოცვის მხრიდან, მე როგორც მახსოვს ესენი იყვნენ გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე,”- განაცხადა გამყრელიძემ, ”სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილმა სხვა გზა აირჩია და დღეს ამ რეალობაში ეს [ძალის არ გამოყენებაზე შეთანხმება] უკვე რა გამოსავალია არ ვიცი”.

მან ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება შეეცდება თავის ”გამარჯვებად” წარმოაჩინოს რუსული ჯარების გაყვანა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიებიდან.

”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე და იმედი მაქვს, რომ დათქმულ ვადებში გავლენ ისინი საქართველოს გარკვეული ტერიტორიიდან,”- განაცხადა გამყრელიძემ, ”მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენთვის და საერთაშორისო სამართლის პრინციპებითაც და დღეს არსებული რეალობითაც აფხაზეთი და ოსეთიც არის საქართველოს ტერიტორია, ხოლო იქიდან არავინ გასვლას არ აპირებს და არც არავინ არ სთხოვს, სამწუხაროდ”.

მოსკოვმა განაცხადა, რომ ის არათუ აპირებს ძალების გაყვანას სეპარატისტული რეგიონებიდან, არამედ აპირებს სამხედრო ყოფნის ხანგრძლივ დაკანონებას ცხინვალთან და სოხუმთან შესაბამისის შეთანხმებების გაფორმებით.

Back to top button