
ჰამარბერგი კონფლიქტის შედეგებზე საუბრობს
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამარბერგმა განაცხადა 8 სექტემბერს გამოქვეყნებულ მოხსენებაში, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე ”ჰუმანიტარულ კატასტროფაა”.
სპეციალური მოხსენება ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ ეფუძნება ჰამარბერგის 22-29 აგვისტოს ვიზიტს რეგიონში. ვიზიტის დროს ჰამარბერგი ქართულ და სამხრეთ ოსურ მხარეებს ტყვეების გაცვლაში დაეხმარა.
”კონფლიქტმა დამღუპველი შედეგი იქონია მოსახლეობის უფლებებზე,” – განაცხადა მან. ”სამწუხაროდ, საჭიროა მოვემზადოთ იმ სავალალო რისკისთვის, რომ რამოდენიმე ათასი, შესაძლოა 30 000 ადამიანი, ვერ შეძლებს სახლებში დაბრუნებას უახლოეს მომავალში. მათზე მზრუნველობა და მათი დახმარებაა საჭირო, რათა მათ ნორმალური ცხოვრებით იცხოვრონ”.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ომით გამოწვეული სიკვდილიანობის დონე ”უფრო დაბალი იყო, ვიდრე თავდაპირველად ითქვა, კომისარმა დაასკვნა, რომ ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი ემსხვერპლა ამ კონფლიქტს”.
”სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი გაიქცა და ეს მოხდა ქართული არტილერიის და ტანკების იერიშის შემდეგ ცხინვალზე და სამხრეთ ოსური შეიარაღებული ჯგუფების და კრიმინალური ბანდების თავდასხმების შემდეგ ქართულ სოფლებზე,” – ნათქვამია მოხსენებაში. ”უკანონობა გავრცელდა ”ბუფერულ ზონაში”, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს ცხინვალსა და კარალეთს შორის, რამაც ბევრი ადამიანი აიძულა იქიდანაც წასულიყო. როდესაც გორში რამოდენიმე სახლს და საცხოვრებელ კორპუსს რუსული რაკეტები მოხვდა, გადაადგილების შემდგომი ტალღა განხორციელდა”.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ საჭიროა მოგვარდეს ბუფერულ ზონაში ”საპოლიციო ვაკუუმის” საკითხი, რათა უზრუნველყოფილ იქნას იქ დარჩენილთა უსაფრთხოება და მათი დაბრუნება, ვისაც ამის სურვილი აქვს”.
მოხსენება მანამდე გაკეთდა, სანამ რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტები განაცხადებდნენ 8 სექტემბერს, რომ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც რუსულ ძალებს ბუფერულ ზონაში ერთი თვის ვადაში ევროკავშირის დამკვირვებლები ჩაანაცვლებდნენ.