
საფრანგეთის პრეზიდენტი თბილისშია
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ცოტა ხნის წინ თბილისში ჩამოვიდა მოსკოვიდან, სადაც ოთხსაათიანი მოლაპარაკებები გამართა თავის რუს კოლეგასთან დიმიტრი მედვედევთან.
პრეზიდენტი სარკოზი, რომელსაც თან ახლავს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ხავიერ სოლანა, მოლაპარაკებებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან.
სარკოზი თბილისში ჩამოვიდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დამატებითი ზომების შესახებ შეთანხმებით, რომელიც ფოთიდან და სენაკიდან რუსული საგუშაგოების 7 დღეში, ხოლო სამხრეთ ოსეთის მიმდებარე უსაფრთხოების ზონიდან რუსული ძალების გაყვანას ერთ თვეში ითვალისწინებს, მას შემდეგ რაც მათ საერთაშორისო დამკვირვებლები ჩაანაცვლებენ.
ამ პირობების შესრულების სანაცვლოდ თბილისმა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ არ გამოიყენებს ძალას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წინააღმდეგ. რუსეთის პრეზიდენტმა 8 სექტემბერს განაცხადა, რომ არ გადაიხედება მისი გადაწყვეტილება ამ ორი თვითგამოცხადებული რეგიონის აღიარების თაობაზე.