ახალი ამბები

რუსეთი ევროკავშირის მონიტორინგის დამოუკიდებელი მისიის წინააღმდეგ გამოდის

რუსეთმა განაცხადა 8 სექტემბერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნის წინააღმდეგი, მიაჩნია, რომ ”ევროკავშირის ავტონომიური სადამკვირვებლო მისია” არასწორი იქნება.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა 6 სექტემბერს ავინიონში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება ”[საქართველოში] ავტონომიური ESDP [ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის] მისიის გაგზავნის თაობაზე ეუთოს მისიის ფარგლებში”.

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ [ევროკავშირის ავტონომიური მისია] გამოიწვევს იმ საერთაშორისო სადამკვირვებლო მცდელობების ზედმეტ დანაწევრებას, რომლებიც უკვე ხორციელდება გაეროს [აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში] და ეუთოს [სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიაზე] მიერ,” – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ 8 სექტემბერს.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს ეუთოს უიარაღო სამხედრო დამკვირვებლების რაოდენობის ზრდას ადგილზე.

გასულ კვირას რუსეთმა ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს რეზოლუციის პროექტი წარუდგინა, რომელშიც საქართველოში ორგანიზაციის ეგიდით სამოქალაქო საპოლიციო კომპონენტის შექმნისკენ მოუწოდებს.

რეზოლუციის პროექტის თანახმად, რუსეთი გამოდის ინიციატივით, რომ მოხდეს სამოქალაქო პოლიციის განთავსება ე.წ. ”უსაფრთხოების ზონაში” სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად რუსული ძალების მიერაა ოკუპირებული, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარსა და ცენტრალურ მაგისტრალს შორის.

რუსეთმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირს შეუძლია უზრუნველყოს ეუთოს სამოქალაქო საპოლიციო კომპონენტის განთავსებისთვის საჭირო ადამიანური, მატერიალური და ფინანსური რესურსები.  

რუსეთი, ისევე როგორც ეუთოს წევრი სხვა სახელმწიფოები, ორგანიზაციაში ვეტოს უფლებით სარგებლობს.

Back to top button