
რუსეთი ფოთში საგუშაგოებს აძლიერებს
თბილისის განცხადებით, გაყვანის ნიშნების დემონსტრირების ნაცვლად, რუსულმა ძალებმა კიდევ უფრო გააძლიერეს თავიანთი საგუშაგოები ფოთის მახლობლად.
”რუსული საოკუპაციო ძალა კიდევ უფრო აძლიერებს – ნაცვლად იმისა, რომ გააუქმოს – თავის საგუშაგო ფოთის სტრატეგიული კომერციული პორტის მახლობლად,” – განაცხადა საქართველოს მთავრობამ 7 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე ინფორმაციით, ერთ-ერთ საგუშაგოზე განთავსდა ხუთი ჯავშანტრანსპორტიორი და 50-მდე სამხედრო, ხოლო მეორეზე ერთი ჯავშანტრანსპორტიორი და 10-მდე სამხედრო მოსამსახურე.
რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროს კორესპონდენტმა ასევე დაადასტურა ფოთში საგუშაგოების გაძლიერების ფაქტი. მისივე თქმით, ექვსი ჯავშანტრანსპორტიორი განთავსდა საგუშაგოებზე.
საქართველოს მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ 7 სექტემბერს საქართველოს საჰაერო სივრცეში ორი რუსული თვითმფრინავი შემოფრინდა. მათ დაახლოებით 45 წუთის მანძილზე იფრინეს ცხინვალის და შატილის თავზე. საქართველოს მთავრობის თქმით, რუსული თვითმფრინავები, სავარაუდოდ, სადაზვერვო მისიით იმყოფებოდნენ.