ახალი ამბები

სარკოზი მოსკოვში მედვედევს ხვდება

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რომელიც მოსკოვს ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოსთან და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისართან ხავიერ სოლანასთან ერთად სტუმრობს, რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს ხვდება.

მედვედევმა შეხვედრისას განაცხადა, რომ უკანასკნელი თვის განმავლობაში ვითარება სწორედ ექვს-პუნქტიანი გეგმის შესაბამისად ვითარდებოდა, რომლის ირგვლივაც ”ახალი მიდგომები” გაჩნდა.

”გავიდა საკმაოდ დაძაბული თვე, რომლის განმავლობაშიც მიიღებოდა ყველა საჭირო ზომა დარეგულირებისთვის ზუსტად მედვედევი-სარკოზის გეგმის შესაბამისად,”- განაცხადა მან შეხვედრის დასაწყისში, ”იყო ასევე სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებიც. რუსეთის ფედერაციამ აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. არსებობს გარკვეული ახალი მიდგომები იმაზე, თუ როგორც უნდა ვიმოძრაოთ წინ იმ გეგმის მიხედვით, რომელიც მოვიწონეთ. ვფიქრობ, რომ ყველა ამ საკითხებს ჩვენ განვიხილავთ დღეს ჩვენი პატივცემული კოლეგების მოსკოვში ყოფნისას”.

შეხვედრის დაწყებისას პრესისთვის გაკეთებულ მოკლე განცხადებაში სარკოზიმ ასევე განუცხადა რუს კოლეგას, რომ რუსეთის მიმართ ევროკავშირის 27 ქვეყნის გზავნილია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა შესრულდეს.

”რა უნდათ ამ ქვეყნებს რუსეთისგან? მათ სურთ მშვიდობა, ნდობა და მათ სურთ კარგი ურთიერთობები,”- განაცხადა სარკოზიმ.  

მოსკოვიდან ევროპელი ლიდერები დღეს საღამოს თბილისს ეწვევიან.  


მოსკოვში მათი ვიზიტის დაწყებამდე კი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საფრანგეთის ქალაქ
ავინიონში გამართულ ორდღიან არაფორმალურ შეხვედრაზე შეთანხმდნენ სამხრეთ ოსეთის მიმდებარე უსაფრთხოების ზონაში საკუთარი დამკვირვებლების გაგზავნის პრინციპზე და კიდევ ერთხელ მოითხოვეს რუსული ძალების საქართველოდან გაყვანა, რასაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება  ითვალისწინებს.



Back to top button