
რუსეთი სოხუმთან და ცხინვალთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას გეგმავს
რუსეთი მოლაპარაკებებს გამართავს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ამ ორ თვითგამოცხადებულ რეგიონთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე, რომელთა დამოუკიდებლობაც უკვე აღიარა რუსეთმა.
მოლაპარაკებები მოსკოვში 9 სექტემბერს იგეგმება, იტყობინება ”რია ნოვოსტი” რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უცნობ წყაროზე დაყრდნობით.
იმავდროულად, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ”მოვა დრო და ჩვენ განვიხილავთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხს, როგორც ეს რუსეთმა გააკეთა”.
”ჩვენ საპარლამენტო არჩევნები გვექნება; შეიქმნება ახალი პარლამენტი და ის მიხედავს ამ საკითხს. ჩვენ ჩუმად ვერ ვიქნებით [ამ საკითხზე],” – იტყობინება ”რია ნოვოსტი” ლუკაშენკოს სიტყვებზე დაყრდნობით 8 სექტემბერს.
თუმცა, მან ასევე დასძინა: ”აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება არ ეხება მხოლოდ რუსეთის სურვილს, უნდა თუ არა მას, რომ მათი აღიარება მოხდეს”.
28 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში, ლუკაშენკომ ორი თვითგამოცხადებული რეგიონის აღიარებაზე შეაჩერა ყურადღება და განაცხადა, რომ ”რუსეთს არ გააჩნდა სხვა მორალური არჩევანი გარდა იმისა, რომ მხარი დაეჭირა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ხალხების მიმართვებს მათი თვითგამორკვევის უფლების აღიარების თაობაზე საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისად”.
დღემდე მხოლოდ რუსეთმა და ნიკარაგუამ აღიარეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.