ახალი ამბები

სააკაშვილი: საქართველო მსოფლიო პოლიტიკის ცენტრშია

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 7 სექტემბერს განაცხადა, რომ იგი როგორც არასდროს დარწმუნებულია იმაში, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება იმ ”წარმოუდგენელი” საერთაშორისო მხარდაჭერის გზით, რომელიც საქართველომ რუსეთთან ომის შემდეგ მოიპოვა.

თელავში გლეხებთან შეხვედრაზე, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ თუ ომამდე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები ”მივიწყებული” და ”გაყინული” იყო, ახლა ისინი მთელი მსოფლიოს განხილვის საგანი გახდა.

”მიუხედავად რუსეთის მოლოდინისა, საქართველო მარტო არ დატოვეს,” – განაცხადა მან. ”რუსებმა ყველაფერი წინასწარ მოამზადეს: პროპაგანდა, კლიშეები; ვინ დაიწყო [ომი]; როგორ გაეშუქებინათ ეს; [რუსეთმა] მოქრთამა პოლიტიკოსები და ჟურნალისტები მსოფლიოს მასშტაბით; თუმცა, ყველაფერი ჩაიშალა”.

”ეს კონფლიქტები მივიწყებული და გაყინული იყო; მაგრამ დღეს მთელი მსოფლიო აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს; დღეს მთელი მსოფლიო აცხადებს, რომ ეს მათი პრობლემაცაა და არა მხოლოდ საკითხი საქართველოსა და რუსეთს შორის”.

”საქართველო მსოფლიო პოლიტიკის ცენტრში მოექცა,” – დასძინა მან.

”სხვადასხვა პოლიტიკოსების პოპულარობა და მათი არჩევის ან არ არჩევის საკითხი ეფუძნება მათ შეხედულებებს საქართველოს შესახებ და ეს ხდება უზარმაზარ და ძალიან მნიშვნელოვან ქვეყნებში,” – განაცხადა სააკაშვილმა ამ ქვეყნების დაკონკრეტების გარეშე, თუმცა დასძინა, რომ ”ამ ქვეყნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს”.

მან ასევე განაცხადა, რომ მთავარი მიზანია ”ტერიტორიების დაბრუნება” და ”საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანება”.

”მე როგორც არასდროს დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. ეს არ იქნება ადვილი პროცესი. ეს არის საკითხი გაშმაგებულ რუსეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის,” – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ორი ან სამი თვის წინ  ზოგიერთი ევროპელი ელჩი აცხადებდა: ”ჩვენ საქართველოსთვის დრო არ გვაქვს, ჩვენ პირველ რიგში ერაყის, ავღანეთის საკითხი უნდა მოვაგვაროთ”.

”მაგრამ ნახეთ რა ხდება: ამერიკის შეერთებული შტატების ორივე [საპრეზიდენტო] კანდიდატი აცხადებს, რომ მათ ორი მთავარი საკითხი აქვთ: ტერორიზმი და საქართველო. ეს [სიტუაცია საქართველოში] არის ევროპის შიდა პოლიტიკის მთავარი საკითხი, მათ შორის ბრიტანეთში, საფრანგეთში; და თქმაც არ სჭირდება, რომ ეს არის მთავარი საკითხი აღმოსავლეთ ევროპის ჩვენი ტრადიციული მოკავშირეებისთვის. სამწუხაროდ, ამ საკითხმა სახელისუფლებო კრიზისი გამოიწვია უკრაინაში”.

თავის გამოსვლაში სააკაშვილი ასევე შეეხო ქართველი ხალხის და ქართული არმიის ”წარმოუდგენელ გმირობას და სიმამაცეს”. მისი თქმით, მათ შეძლეს მრავალრიცხოვანი  მტრის შეკავება რამდენიმე დღის მანძილზე.

”ასზე მეტი ჩვენი ჯარისკაცი დაიღუპა,” – განაცხადა სააკაშვილმა, თუმცა იქვე დასძინა: ”მტრისთვის მიყენებული ზიანი წარმოუდგენლად მაღალია”.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის გარდა, ”რამდენადაც მე ვიცი, ჩვენ რამდენიმე მილიარდს მივიღებთ ევროპისგან და სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებისგან”.

”ეს საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ ჩვენი საფინანსო სისტემა შევინარჩუნოთ,” – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ფინანსური მარცხი, რომელსაც საქართველოში 90-იანი წლების დასაწყისში ჰქონდა ადგილი, აღარ განმეორდება უზარმაზარი საერთაშორისო დახმარების წყალობით.   

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სწორად გამოყენების შემთხვევაში, საერთაშორისო დახმარება ხელს შეუწყობს ქვეყანას განავითაროს თავისი ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა, რაც საბოლოოდ გადააქცევს საქართველოს ”განვითარებულ ევროპულ ქვეყნად, რომელიც იქნება ნატოს წევრი”.

”ამავდროულად, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რუსული იმპერიალიზმის უკუსვლა გაგრძელდება,” – განაცხადა მან. ”მათ ეგონათ, რომ [რუსული] იმპერიალიზმის აღორძინება საქართველოდან დაიწყებოდა”.

 

Back to top button