
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გამოძიებას ითხოვენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთხმად შეთანხმდნენ იმაზე, რომ საერთაშორისო დონეზე უნდა იქნას გამოძიებული რუსეთსა და საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები, იტყობინება Deutsche Presse-Agentur (DPA).
”ჩვენ ყველა მხარს ვუჭერთ საერთაშორისო გამოძიებას. არანაირი ბრალდებები, არანაირი პროვოკაცია მტკიცებულების გარეშე: ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა მოხდა,” – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა 6 სექტემბერს. იგი საფრანგეთის ქალაქ ავინიონში კოლეგებს არაფორმალურ შეხვედრაზე მასპინძლობდა.
DPA იტყობინება ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიგელ ანხელ მორატინოსის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს, ”მიუხედავად იმისა, რომ ის შესაძლოა ვინმესთვის მტკივნეული აღმოჩნდეს”.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას პაეტმა განაცხადა: ”აუცილებელია საერთაშორისო დამკვირვებლების შეყვანა, რომლებიც ობიექტურ შეფასებას გააკეთებენ იმისა, თუ რა მოხდა და რა ხდება. ჩვენ უამრავი ინფორმაცია მოგვდის… ამიტომ უკიდურეს აუცილებლობას წარმოადგენს, რომ ობიექტურმა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყოს მუშაობა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ რუსეთმა შესაძლოა ისინი არ შეუშვას”.
5 სექტემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ასევე მოუწოდა საერთაშორისო გამოძიების ჩატარებისკენ.
6 სექტემბერს მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამგვარი გამოძიება საჭიროა, ”რათა გაირკვეს ვინ რა როლი ითამაშა ესკალაციაში, რამაც შეიარაღებული კონფლიქტი გამოიწვია,” რათა ”ვიფიქროთ, თუ როგორ განვითარდება ჩვენი ურთიერთობები კონფლიქტის მხარეებთან”.