ახალი ამბები

ინტერნეტ-ფორუმზე ცენზურასთან დაკავშირებული ბრალდებები გაისმის

საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ინტერნეტ ფორუმზე – www.forum.ge – ზოგიერთმა მომხმარებელმა დაიჩივლა, რომ გარკვეული შეზღუდვები დაწესდა პოლიტიკური თემების განხილვისას.

ფორუმის ადმინისტრაციამ 1 სექტემბერს, როდესაც ვებ-გვერდმა განაახლა ფუნქციონირება (ბოლო მოვლენების დროს ფორუმი გათიშული იყო), შემდეგი შინაარსის განცახდება გამოაქვეყნა: ”დიდი თხოვნა ყველასთან:  ნუ გავაკეთებთ ისე, რომ ფორუმი ისევ დაიხუროს. ქვეყანაში ჯერ კიდევ არის საომარი მდგომარეობა [4 სექტემბერს გაუქმდა], პირველ რიგში საჭიროა ერთმანეთის თანადგომა და არა უპასუხისმგებლო განცხადებები და შიდა განხეთქილებები. ამიტომ: ყველას მოვუწოდებ მაქსიმალურად შეიკავოს თავი ისეთი პოსტებისგან, რომლებიც მოიცავს:  ნებისმიერი ისეთი სახის ინფორმაციის დაწერას, რაც სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გაუმართლებელი იქნება შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით. ქვეყნის შიდა განხეთქილებების ხელისშემწყობ განცხადებებს”.

ამ განცხადების გავრცელებას მოჰყვა ერთ-ერთი პოლიტიკური თემის ვებ-გვერდიდან ამოღება, რამაც ზოგიერთი მომხმარებლის უკმაყოფილება გამოიწვია. ერთმა დაწერა: ”რა აზრი ჰქონდა ფორუმის გახსნას თუ მიშა მაგარია უნდა დავწეროთ? ” კიდევ ერთი მომხმარებელი კი წერდა: ”ფორუმები იმისთვის არსებობენ, რომ ადამიანმა გამოხატოს თავისი პოზიცია… ნუ გელანდებათ ყველგან აგენტები”.

3 სექტემბერს ფორუმის ადმინისტრაციამ კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ პოლიტიკური თემების განხილვა ”დროებით დახურულია”.

იმავდროულად, საქართველოს მთავრობა აგრძელებს .ru დომენის დაბლოკვას, თუმცა ბევრი ინტერნეტ-მომხმარებელი საქართველოში proxy სერვერების მეშვეობით მაინც ახერხებს რუსულ ვებ-გვერდებზე შეღწევას.

Back to top button