
’მწვავე შეკითხვების დრო დადგა’
• ღია წერილი დებატებისკენ მოუწოდებს;
• უსუფაშვილი: სააკაშვილმა რუსულ ხაფანგში შეაბიჯა;
• თარგამაძე: შეცდომები კომისიამ უნდა შეისწავლოს.
საზოგადოების ზოგიერთმა წარმომადგენელმა და ცალკეულმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ დადგა დრო ხელისუფლების მიმართ მწვავე შეკითხვების დასმის იმასთან დაკავშირებით, თუ რამ მიგვიყვანა ომამდე და ქვეყნისთვის ასეთ მძიმე შედეგებამდე.
4 სექტემბერს გაზეთ ”რეზონანსში” გამოქვეყნებულ ღია წერილი, რომელსაც ხელს აწერს 88 ინდივიდუალური პირი (შალვა ფიჩხაძე, ირაკლი სესიაშვილი, გოგა ჟვანია, გია ხუხაშვილი, რეზო ესაძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნოდარ მგალობლიშვილი, შოთა ნადირაშვილი, ზაზა აბაშიძე, მამუკა ღლონტი, ვახტანგ კომახიძე და სხვ. ) და 16 ორგანიზაცია (ქართული დასი, ადამიანი უფლებათა ცენტრი, ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისათვის და სხვ. ) მოუწოდებს უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე დებატებისკენ.
წერილი, რომელსაც ხელს აწერენ ადამიანის უფლებათა დამცველები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და საზოგადოების სხვა გამოჩენილი ადამიანები, ამბობს, რომ ”პრობლემების გარშემო ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის” დასაწყებად გადაუდებელი ამოცანაა ”ქართული ტელესივრცისა და განსაკუთრებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გათავისუფლება სახელმწიფო ცენზურისგან”.
”ინტენსიურად ხდება იმის პროპაგანდა, რომ ამ კატასტროფაში დამნაშავეა ყველა – აგრესორი რუსეთი; გულგრილი დასავლეთი (რომელმაც თურმე ყურად არ იღო საქართველოს მმართველთა გაფრთხილებები), ქართული ოპოზიცია (რომელმაც თურმე 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო გამოსვლებით ხელი შეუშალა ქართული არმიის მშენებლობას), რუსეთის აგენტები (ე.წ. ”მეხუთე კოლონა”) და ა.შ. და ა.შ. ერთი სიტყვით, დამნაშავეა ყველა, გარდა საქართველოს ხელისუფლებისა,”- ნათქვამია წერილში.
შემდეგ ჩამოთვლილია ის შეკითხვები, რომლებსაც წერილის ხელმომწერთა აზრით, ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს, მათ შორის იმის შესახებ, რომ ”მიუხედავად აშშ-ს ადმინისტრაციის კატეგორიული გაფრთხილებისა, რატომ გაყო თავი რუსეთის მიერ დაგებულ ხაფანგში საქართველოს ხელისუფლებამ?”
წერილი საქართველოს ხელისუფლებას ”კატასტროფულ შედეგებში” ადანაშაულებს და აცხადებს: ”ყოველივე ამის ”შემოქმედი” საქართველოს ხელისუფლება, რომელიც წლების განმავლობაში განხორციელებული თავისი არაკომპეტენტური, ანტიდემოკრატიული და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით თანდათან ამზადებდა და აახლოვებდა ასეთ კატასტროფულ ვითარებას, დღეს საკუთარ მოქალაქეებს უმტკიცებს, თითქოს ეს კატასტროფა საქართველოსათვის გარდაუვალი იყო და მისი აცილება თავიდან არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა”.
4 სექტემბერს ქრისტიან-დემოკრატიული პარტიისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ დადგა დრო დისკუსიის დაწყებისა და გადაწყვეტილებების მიღებისათვის იმაზე, რაც მოხდა.
”საჭირო დასკვნების გაკეთებისათვის აუცილებელი იქნება რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული პოლიტიკურ, სტრატეგიულ, ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეებზე დაშვებული შეცდომების სკრუპულოზური შესწავლა, რისთვისაც მიზანშეწონილი იქნება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა,”- ნათქვამია თარგამაძის განცხადებაში.
მისი თქმით, რუსეთი მიზანმიმართულად ამზადებდა ნიადაგს საქართველოს ოკუპაციისთვის, თუმცა მან ნაწილობრივ ბრალი დასდო ასევე ხელისუფლებასაც, რომელზეც ეს ”გარემოებები ძლიერ ზეწოლას ახდენდა, მისი მოქმედებები ძნელად შეფასდება, როგორც მხოლოდ რე-აქტიური, სრულიად ნათელი იყო ამ მოქმედებების პრო-აქტიური ხასიათი, რაც საბოლოო მიზნად ისახავდა ცხინვალის რეგიონის ძალისმიერ რეინტეგრირებას”.
”საბოლოოდ ამ მოქმედებებმა გამოიწვია დაძაბულობის მაქსიმალური ესკალაცია იმგვარად, რომ დღეს უკვე ძალიან რთული გახდა იმის მტკიცება, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია,”- აცხადებს თარგამაძე.
მან ასევე განაცხადა, რომ დასავლელმა პარტნიორებმა ”არ უნდა დაუშვან ხელისუფლების მიერ ოპოზიციის მიმართ ე.წ. “ძლიერი ხელის” პოლიტიკის გატარება”.
გაიმეორა რა სხვა ოპოზიციური ძალების შეხედულება, თარგამაძემ ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ინიციატივა ანტიკრიზისული საბჭოს თაობაზე ”მართლაც საინტერესო იქნება იმ შემთხვევაში, თუ ეს სტრუქტურა მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთების განაწილების მონიტორინგით კი არ შემოიფარგლება, არამედ იმუშავებს ქვეყნის დემოკრატიზაციის საკითხებზე”.
იმავდროულად, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა თავის საგაზეთო ინტერვიუში გაზეთ ”რეზონანსთან”, რომელიც 4 სექტემბერს გამოქვეყნდა, განაცხადა: ”დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილი ხაფანგში შეაბიჯა”.
”მე მგონია, რომ სააკაშვილი ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა დაახლოებით ასეთი სქემით – რუსები ცხინვალის დასათმობად მზად იყვნენ, თუ სანაცვლოდ აფხაზეთის მიმართულებით ჩვენი აქტივობები შეჩერდებოდა,”- განაცხადა მან, ”მე ასეთი შთაბეჭდილება მექმნება, რადგან სხვა შემთხვევაში შეუძლებელია, ასეთ ყულფში თავი შეყო, თუკი ვიღაცის მხრიდან გარანტია არ გაქვს, რომ რუსი როკის გვირაბს არ გადმოლახავს”.
უსუფაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მოვიდა დრო შეკითხვების დასმის სიმართლის დასადგენად.
თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას გაგებული, როგორც მთავრობის გადადგომის მოთხოვნა. ”დღეს ჯერ კიდევ და ალბათ უახლოეს ხანებში ხელისუფლების შეცვლაზე საუბარი თითოეული ჩვენგანისთვის და ქვეყნისთვის უარესი იქნება,”- განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა რურუამ 3 სექტემბერს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საჭიროა უკანასკნელი მოვლენების სამხედრო ასპექტების გამოძიება ”და ეს არ უნდა გადაიქცეს პოლიტიკური შოუს და პოპულიზმის საგანი”.
მან ასევე განაცხადა, რომ უახლოეს ხანებში საჯარო გახდება ინფორმაცია თავდაცვის სისტემისადმი მიყენებული ზარალის შესახებ და ასევე იმ სამომავლო რეფორმებზე, რომელიც მისი თქმით, ჯარში გამოვლენილი ხარვეზების გათვალისწინებით უნდა გატარდეს.