ახალი ამბები

შეიარაღებულ ძალებში საკადრო ცვლილებებია

თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებული ძალებში საკვანძო თანამდებობებზე ამ დროისათვის სამი საკადრო ცვლილებება განახორციელა აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების გაანალიზების საფუძველზე.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე ალეკო ოსეფაიშვილი გენერალ-მაიორმა დევი ჭანკოტაძემ შეცვალა.  ჭანკოტაძე, რომელიც გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების საარტილერიო ბრიგადის მეთაური იყო, ძველ თანამდებობაზე პოლკოვნიკმა ვახტანგ მაისურაძემ შეცვალა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების სარდლად მაიორი ზურაბ აგლაძე  დაინიშნა. მან მამუკა ბალახაძე შეცვალა, რომელიც კვალიფიკაციის ამაღლებას გერმანიის სამხედრო სასწავლებელში გააგრძელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობა დატოვა ასევე გვარდიის სარდალმა დავით აფციაურმა, რომელმაც ამ ადგილზე 2007 წლის დეკემბერში ნიკა ჯანჯღავა შეცვალა. აფციაურის მოვალეობაში აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების დროს რეზერვისტთა კოორდინაცია შედიოდა.

”ის ხალხი, ვინც ვერ შეასრულა მათზე დაკისრებული მოვალეობები, ბუნებრივია, გათავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობებიდან,”- განუცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ 3 სექტემბერს ”რუსთავი 2”-ს.  ”საომარი მოქმედებების შემდეგ ხდება შეფასება, თუ როგორ იმუშავა სისტემამ, სტრუქტურამ, ხდება პლიუსების და მინუსების გამოვლენა და მათზე რეაგირება”.

Back to top button