ახალი ამბები

სააკაშვილი მოუწოდებს მსოფლიოს არ დააკანონოს ეთნიკური წმენდა

საქართველოს ორ რეგიონში მომხდარი ეთნიკური წმენდის დაკანონება მსოფლიომ არ უნდა დაუშვას, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე 4 სექტემბერს.

მისი თქმით, წლების მანძილზე აფხაზეთიდან 80%-ზე მეტი მოსახლეობა იქნა გამოდევნილი და ამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სამხრეთ ოსეთში ტერიტორიის 2/3-ზე მოხდა ”ეთნიკური წმენდა”.

”არ უნდა მოხდეს ამ ეთნიკური წმენდის დაკანონება და თუ ვინმე მსოფლიოში ცდილობს ამის ლეგალიზებას  ან ამ ფაქტის მიღებას, ეს ნიშნავს იმას, რომ ასობით ადამიანური ტრაგედიის ლეგალიზება ხდება,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”სამხრეთ ოსეთში ეთნიკური წმენდა განხორციელდა არა მხოლოდ ქართველების მიმართ, არამედ ეთნიკური ოსების მიმართაც”.

”მე მოვუწოდებ მსოფლიოს ყველა პასუხისმგებელ სახელმწიფოს არა მხოლოდ არ მიიღონ ეს, არამედ გააგრძელონ დაგმობა და ერთგულები დარჩნენ საერთაშორისო სამართლის და სამართლიანობის,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ჩვენ ვართ მშვიდობისმოყვარე ერი; ყველაფერს გავაკეთებთ ძალადობის თავიდან აცილების მიზნით და ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ მშვიდობიანი გზით მოვაგვაროთ ეს პრობლემები და ჩვენ მზად ვართ დიალოგის რეჟიმში ვიმუშავოთ ყველასთან შიგნითაც და ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან და  მსოფლიოს ქვეყნებთან”.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველო მარტო არ არის.

”ჩვენს გვერდით დგას აშშ, ევროკავშირი, იაპონია და სხვა პასუხისმგებელი ქვეყნები, მათ შორის ჩინეთი  და ვფიქრობ, რომ შესაბამისად, ჩვენ გავუძლებთ და მივაღწევთ წარმატებას,”- განაცხადა სააკაშვილმა.

Back to top button