
ცოტნე გამსახურდია ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
პოლიციამ 3 სექტემბერს საღამოს ცოტნე გამსახურდია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი დააკავა თბილისის აეროპორტში, გადმოსცა საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა.
ცოტნე გამსახურდია, რომელიც ძებნაში იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთის სასარგებლოდ შპიონაჟის და მთავრობის წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდებებით, გავრცელებული ინფორმაციით, მაშინ დააკავეს, როცა ის ბაქოს გავლით მოსკოვიდან თბილისში ჩამოფრინდა.
ბრალი ცოტნე გამსახურდიას 2007 წლის ნოემბერში წაუყენეს. 7 ნოემბერს ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგის დარბევის შემდეგ, სამართალდამცავებმა გამოაქვეყნეს ფარული ვიდეო-ჩანაწერი, სადაც ცოტნე გამსახურდია ხვდებოდა თბილისის საელჩოში მომუშავე რუს დიპლომატს. მის შესახებ გამოქვეყნებულ აუდიო-ჩანაწერში, ცოტნე გამსახურდია საყვედურით მიმართავს თავის ძმას, პარტია თავისუფლების ოპოზიციონერ ლიდერს კონსტანტინე გამსახურდიას, თუ როგორ გაუშვა ოპოზიციამ მომენტი ხელიდან, როცა 150 ათასი ადამიანი იყო შეკრებილი პარლამენტის წინ 2 ნოემბერს.
ცოტნე გამსახურდიას ადვოკატმა განუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ მისი კლიენტი კატეგორიულად უარყოფს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ანალოგიური ბრალდებები წაუყენეს ნოემბერში ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს, თუმცა მოგვიანებით ეს ბრალდებები მოიხსნა.