ახალი ამბები

აშშ საქართველოს მილიარდ დოლარიან დახმარებას გამოუყოფს

აშშ-მ გამოაცხადა, რომ 1 მლრდ აშშ დოლარის დახმარებას გამოუყოფს საქართველოს ჰუმანიტარული საჭიროებებისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

განცხადება, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა გააკეთა და ასევე გავრცელდა აშშ-ის პრეზიდენტის წერილობითი განცხადების ფორმით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის თბილისში ჩამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნდა.  

”გასულ თვეში, რუსეთმა დაიპყრო სუვერენული მეზობელი და დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა,”- განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა თავის განცხადებაში, ”ქართველმა ხალხმა გაუძლო რუსი სამხედროების შემოტევას და საერთაშორისო საზოგადოება ქართველი ხალხისა და მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობის გვერდით დადგა”.

აგვისტოს კონფლიქტის დაწყებიდან აშშ-მ უკვე ჩამოიტანა საქართველოში 30 მლნ დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული ტვირთი.

კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია გეგმავს მთლიანი მილიარდიანი დახმარების პაკეტიდან  პირველ ეტაპზე 570 მლნ აშშ დოლარი გამოუყოს საქართველოს 2008 წლის ბოლომდე.

”ჩვენ დარწმუნებულების ვართ, რომ ორპარტიული ძლიერი მხარდაჭერის ფონზე აშშ ამ ვალდებულებას შეინარჩუნებს დახმარების მეორე ეტაპზე დამატებითი 430 მლნ აშშ დოლარის გამოყოფით,”- განაცხადა მან, ”ჩვენი პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართული იქნება საგანგებო საბიუჯეტო დახმარებისკენ საქართველოს მთავრობისთვის, რათა გაუმკლავდეს რეკონსტრუქციისა და ეკონომიკურ უპირველეს საჭიროებებს”.

მას ხაზი გაუსვა, რომ ეს საქართველოს ეკონომიკური დახმარების პაკეტია და ის არ მოიცავს სამხედრო კომპონენტს.

”ჯერ არაა იმის დრო, რომ სამხედრო კუთხით დახმარებით დავინტერესდეთ,”- განაცხადა მან, ”ახლა ვპასუხობთ გადაუდებელ საჭიროებებს, რათა გაირკვეს, რომ საქართველოს ეკონომიკა გადარჩა”.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია თავის მიზნებს საქართველოში.

”რუსეთი ვერ აღწევს თავის მიზნებს. საქართველოს დემოკრატია ფეხზე დგას. ის ყვავის. ის საგანგებო საერთაშორისო დახმარებას იღებს,”- განაცხადა რაისმა.

”ეს ხდება მიუხედავად რუსეთის სამწუხარო გადაწყვეტილებისა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების თაობაზე,”- განაგრძო მან და დასძინა, რომ ”თითქმის არავის მიუბაძავს” რუსეთის ამ ნაბიჯისთვის.

”ვერ იქნება შთამბეჭდავი სია, როცა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარებენ ერთმანეთს და მე არ ვიცი რას აკეთებს ჰამასი ვინმეს აღიარებით, ვგულისხმობ, რომ არა მგონია ისინი საერთოდ სახელმწიფოს წარმოადგენდნენ,”- დასძინა რაისმა.

Back to top button