We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

სსფ საქართველოს 750 მლნ აშშ დოლარის კრედიტს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) საქართველოს თვრამეტთვიანი კრედიტის სახით 750 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს, თუმცა ეს ფინანსური პაკეტი უნდა დაამტიკოს სსფ-ის დირექტორთა საბჭომ, რომელიც საქართველოს მოთხოვნას სექტემბრის შუა რიცხვებში განიხილავს.

კრედიტის გამოყოფის შესახებ შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან სსფ-ს მისიამ მიაღწია, რომელიც თბილისს 23 აგვისტოს-3 სექტემბერს სტუმრობდა.

”სსფ-ის საკრედიტო ხაზის მიზანია საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერა და ბოლოდროინდელი კრიზისის შედეგად წარმოქნილი ეკონომიკური და ფინანსური შედეგების აღმოფხვრა,”- ნათქვამია სსფ-ის პრესრელიზში.

სსფ იმავდროულად აცხადებს, რომ კრედიტი ასევე მიზნად ისახავს საგარეო დაფინანსების ”შესაძლო შეფერხების  ნაწილობრივ გადაფარვას” და ”საქართველოს მიმართ უცხოური ბაზრების ინტერესისა და ინვესტორების რწმენის შენარჩუნებას”.

3 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკის განვითარების მინისტრმა ეკატერინე შარაშიძემ განაცხადა, რომ წელს ეკონომიკური ზრდა 5-6% იქნება, ნაცვლად დაგეგმილი ორნიშნა მაჩვენებლისა, რასაც საქართველოს მთავრობა აგვისტოს საომარ მოქმედებებამდე მოელოდა.

Back to top button