
შუალედური მონაცემებით, კონფლიქტის შედეგად 238 ადამიანი დაიღუპა
ოფიციალურად დარეგისტრირებულია საომარი მოქმედებების დროს გარდაცვლილი 156 ქართველი ჯარისკაცი, განაცხადა 3 სექტემბერს დეპუტატმა გივი თარგამაძემ, დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების კომისიის ხელმძღვანელმა პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას.
მისი თქმით, სავარაუდოდ არ შეიცვლება მონაცემი შსს-ს 13 გარდაცვლილი თანამშრომლის შესახებ.
თარგამაძის განცხადებით, 69 სამოქალაქო პირია გარდაცვლილი.
მისი თქმით, 14 ჯარისკაცი დაკარგულად ითვლება, საიდანაც სულ მცირე სამი დაჭრილი ვლადიკავკაზის საავადმყოფოში იმყოფება. მან ასევე არ გამორიცხა, რომ ჩრდილოეთ ოსეთის საავადმყოფოებში კიდევ იმყოფებოდნენ ქართველი მეომრები, თუმცა ამ ინფორმაციის დადასტურება ვერ ხერხდება.
მან იქვე ხაზი გაუსვა, რომ ეს შუალედური მონაცემებია და კომისია აგრძელებს მუშაობას.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ კატეგორიულად უარყო ეჭვები იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება განგებ მალავს ინფორმაციას მსხვერპლთან დაკავშირებით.
”ჩვენ არ ვაპირებთ ამ ინფორმაციის დამალვას და და ყველამ უნდა იცოდეს მათი ვინაობა, ვინც კონფლიქტის დროს დაიღუპა,”- განუცხადა მან დღეს დეპუტატებს.
თარგამაძის განცხადებით, რომელიც ასევე ჩართული იყო ტყვეთა გაცვლის პროცესში, 176 ქართველი ტყვე, მათ შორის 17 სამხედრო პირი არის გამოყვანილი ცხინვალის იზოლატორიდან ქართული მხარის მიერ 6 რუსი სამხედრო მოსამსახურისა და 41 ოსი ეროვნების ადამიანის გათავისულების სანაცვლოდ.
მისი თქმით, ქართულ მხარეს არ აუყვანია არცერთი ოსი სამოქალაქო პირი ტყვედ. მან ასევე განაცხადა, რომ 41 გათავისუფლებულს შორისაა 10 ოსი პატიმარი, რომლებიც სასჯელს ქართულ ციხეებში იხდიდნენ.
მან ასევე განაცხადა, რომ 156 გარდაცვლილი ჯარისკაციდან დღემდე 46 ცხედარი რჩება ამოუცნობი. მისი თქმით, დნმ-ის ანალიზის ნიმუშების შედარების შედეგად გარდაცვლილი უცნობი ჯარისკაცების იდენტიფიცირება, სავარაუდოდ, ერთ კვირაში დასრულდება.