ახალი ამბები

ქართულმა ჯარმა შემაკავებელი ფუნქცია შეასრულა – რურუა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა რურუამ მოუწოდა, რომ არ გადაიქცეს პოპულიზმის თემად ის, თუ როგორ წარმოაჩინა თავი ქართულმა ჯარმა საბრძოლო მოქმედებების დროს.

”საჰაერო თავდაცვამ იმუშავა ძალიან ეფექტურად და ჯარისკაცები გმირულად იბრძოდნენ,”- განაცხადა მან პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, ”ჯარმა შემაკავებელი ფუნქცია შეასრულა თავისზე რაოდენობრივად და სიძლიერით ათეულობით აღმატებულ მტრის მიმართ, რომლის მიზანიც მთლიანად ქვეყნის დაპყრობა იყო”.

მისი ეს განცხადება მოჰყვა ქართული დასის ლიდერის, დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას გამოსვლას, რომელმაც ეჭვები გამოთქვა საომარი მოქმედებების დროს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ეფექტურობასთან დაკავშირებით.

”ამ საკითხებს სჭირდება გამოძიება და ანალიზი და ეს არ უნდა გადაიქცეს პოლიტიკური შოუს და პოპულიზმის საგანი,”- განაცხადა რურუამ და ყველას მოუწოდა თავი შეიკავონ ”არაკომპეტენტური” შეფასებებისაგან.

მან ასევე განაცხადა, რომ უახლოეს ხანებში საჯარო გახდება ინფორმაცია თავდაცვის სისტემისადმი მიყენებული ზარალის შესახებ და ასევე იმ სამომავლო რეფორმებზე, რომელიც მისი თქმით, ჯარში გამოვლენილი ხარვეზების გათვალისწინებით უნდა გატარდეს.

Back to top button