ახალი ამბები

ხვალიდან საქართველოში საომარი მდგომარეობა გაუქმდება

პარლამენტმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება საომარი მდგომარეობის ვადამდე გაუქმების შესახებ. ეს გადაწყვეტილება ძალაში 4 სექტემბრიდან შევა.

დღესვე კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს პრეზიდენტის კიდევ ერთ წინადადებას ქვეყნის იმ რაიონებში, სადაც რუსული საოკუპაციო ჯარი კვლავ იმყოფება, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საგანგებო მდგომარეობის 15 დღის ვადით შემოღების თაობაზე.

საქართველოში საომარი მდგომარეობა 9 აგვისტოს გამოცხადდა და უკვე 26 დღეა მოქმედებს. ეს მდგომარეობა 8 სექტემბრამდე უნდა გაგრძელებულიყო.

”ამ მდგომარეობის გაუქმების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი და მიზანი არის ის, რომ ყველას ვაჩვენოთ, რომ არსებობს ოკუპირებული ტერიტორიები, მაგრამ ეს არის ლოკალური ტერიტორიები, რომლის გარეთაც ქვეყანა ფუნქციონირებს და უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივი მუშაობა, მათ შორის ტვირთბრუნვა, ვაჭრობა, ეკონომიკური აქტივობა და ინვესტიციების შემოტანა,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ. ”ესაა ის სიგნალი, რომელსაც ჩვენ საომარი მდგომარეობის გაუქმებით და საგანგებო მდგომარეობის შემოღებით ვუგზავნით ყველას, თუმცა ეს არ ნიშნავს დეოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესუსტებას ან შეჩერებას”.  

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედება განსაკუთრებული შეზღუდვების დაწესებას არ გულისხმობს, მათ შორის არც პოლიტიკური პროცესის თვალსაზრისით.

Back to top button