ახალი ამბები

აფხაზეთში ახალი რუსული ბაზები არ გაიხსნება – ბაღაფში

აფხაზეთში ახალი რუსული ბაზები არ შეიქმნება და არც რუსეთის შავი ზღვის ფლოტი გადმოინაცვლებს რეგიონში, რომელიც 2017 წლამდე უკრაინაში სევასტოპოლის პორტშია ბაზირებული, განაცხადა თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა.

”აქ მხოლოდ იქნება სახმელეთო ჯარი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში იდგა,”- იუწყება ”რია ნოვოსტი” 2 სექტემბერს ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.

სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე ბაღაფშმა ასევე განაცხადა, რომ სოხუმი უახლოეს დღეებში გააფორმებს სამხედრო შეთანხმებას რუსეთთან.

ცოტა ხნის წინ სააგენტო ”ინტერფაქსი” რუსეთის თავდაცვის წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ რუსეთი აპირებს ორი სამხედრო ბაზა გახსნას აფხაზეთში – გუდაუთაში და ოჩამჩირეში; და ერთი ცხინვალის რეგიონში, კერძოდ ჯავაში. 29 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ტარზან კოკოითმა განაცხადა, რომ რუსეთთან გაფორმდება ხელშეკრულება, რომელიც საშუალებას მისცემს მოსკოვს სამხედრო ბაზა გახსნას რეგიონში. თუმცა ეს განცხადება სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა მოგვიანებით გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამგვარი განცხადებების გაკეთების პრეროგატივა მხოლოდ მას აქვს, ”ინტერფაქსის” თანახმად.

31 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსკოვი სამოკავშირეო შეთანხმებებს, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ, გააფორმებს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებთან, რომელთა დამოუკიდებლობაც მან 26 აგვისტოს ცალმხრივად აღიარა.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე საუბრისას აფხაზეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთს უახლოეს 3-4 დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე სახელმწიფო აღიარებს.  მისი ვარაუდით რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას 11-მდე სახელმწიფო მიბაძავს, თუმცა მან ამ ქვეყნების დასახელებისაგან თავი შეიკავა.

Back to top button