ახალი ამბები

ევროპას უჭირს საქართველოს ადეკვატური დახმარება – უსუფაშვილი

საქართველოს საკითხში ევროკავშირი რუსეთის მიმართ ისეთივე მკაცრი ვერ იქნება, როგორც ეს აშშ-სგან არის მოსალოდნელი, განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.

”ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი დასავლელი კოლეგები იმიტომ გვაფრთხილებდნენ დაჟინებით, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავბმულიყავით საომარ მოქმედებებში, რომ ომის შემთხვევაში მათ გაუჭირდებოდათ საქართველოსთვის ადეკვატური დახმარების აღმოჩენა,”- განაცხადა უსუფაშვილმა, ”მე მგონი, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპას მართლაც უჭირს იმ ნაბიჯების გადადგმა რაც, ერთი შეხედვით, აშკარა და მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო, რადგან რუსეთზე ევროპის დამოკიდებულება არის საკმაოდ მაღალი”. 

მისი თქმით, სრულიად მოსალოდნელი იყო ევროპის ლიდერთა სამიტის გადაწყვეტილებები, ხოლო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოლოდინი გადაჭარბებული. თუმცა უსუფაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა ბოლო გაფრთხილება მისცა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებასთან და ძალების გაყვანასთან დაკავშირებით.

მან ასევე განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტია მზადაა მონაწილეობა მიიღოს პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ინიცირებულ ანტიკრიზისული საბჭოს მუშაობაში, თუ ”ეს საბჭო პიარში ერთობლივ მონაწილეობას არ გულისხმობს”.

რესპუბლიკელების ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის აგრესია არ უნდა გახდეს საქართველოში დემოკრატიული პროცესის შეფერხების საბაბი და ხაზი გაუსვა, რომ მის პარტიას ”სერიოზული” კითხვები ექნება ხელისუფლებასთან საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით.

”თუ მათ [ხელისუფლებას] რეალურად სურთ კრიზისიდან გამოსვლა, მაშინ უნდა გვიპასუხონ იმ კითხვებზე, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს,”- განაცხადა მან.

ამ თემებზე რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც ასევე შეაფასა 23-30 აგვისტოს აშშ-ში ვიზიტის შედეგები.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში მან პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან, ვიცე-პრემიერთან გიორგი ბარამიძესთან და დემოკრატიული განვითარების ფონდის პრეზიდენტთან ნინო ბურჯანაძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ყრილობაში.

მან ”სწორი ნაბიჯი” უწოდა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობას, რაც ”გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ აქ [საქართველოში] ცივილიზებულად წარიმართება ყველა პროცესი”.

”დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტობის [დემოკრატი] კანდიდატის ბარაკ ობამას  გამარჯვების შემთხვევაში აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გააქტიურდება და საქართველო აშშ-ის მხარდაჭერით დაძლევს არსებულ კრიზისს,”- აღნიშნა უსუფაშვილმა.  

Back to top button