
რუსეთის საგარეო უწყება ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე საუბრობს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ ევროკავშირის საგანგებო სამიტის შედეგი ”საკმაოდ განჭვრეტადი” იყო. ოფიციალური მოსკოვი ასევე მიესალმა ევროპელი ლიდერების ”პასუხისმგებლიან მიდგომას” და იმ ფაქტს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაწესდა.
”თავიდან ვერ იქნა აცილებული რიგი ქვეყნების მოწოდებები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების და ურთიერთობების გაყინვის თაობაზე,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება, ”თუმცა მთავარი ისაა, რომ ისინი უმცირესობაში დარჩნენ, ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობამ კი გამოიჩინა პასუხისმგებლიანი მიდგომა, რამაც დაადასტურა რუსეთთან პარტნიორობის კურსი იმის კარგად გააზრებით, თუ რა მნიშვნელობა აქვს ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობას”.
თუმცა რუსეთი არ ეთანხმება ევროკავშირის ლიდერთა სამიტის დასკვნით დოკუმენტში ასახულ შეფასებას იმის თაობაზე, რომ მოსკოვმა ”არაპროპორციული ძალა” გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ.
”სხვათა შორის, თბილისის ქმედებებს ჯერაც არ მისცემია შესაბამისი შეფასება, ისევე როგორც იმათ ქმედებებს, ვინც საქართველოს იარაღს ეუთოსა და ევროკავშირის წესების დარღვევით აწვდიდა,”- აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი-რუსეთის პარტნიორობის ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებათა შეჩერება ”დასანანია”, თუმცა მოსკოვისთვის ეს ნაბიჯი მოულოდნელი არ იყო იმ ფონზე, როცა ამ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აქამდეც ახასიათებდა ”ხელოვნური ბარიერები” ბოლო ორი წლის განმავლობაში.
”ამ შეთანხმების დადებაში ჩვენ ისეთივე დაინტერესებული ვართ, როგორც ევროკავშირი,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება, ”ჩვენი თანამშრომლობა ურთიერთსასარგებლოა, და ეს ურთიერთსარგებლობა იმდენად დიდია, რომ სულ ცოტა წინდაუხედაობა იქნებოდა მისი საფრთხის ქვეშ დაყენება”.
ევროკავშირმა გააფრთხილა რუსეთი, რომ აჩერებს პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს მასთან, ვიდრე რუსული ჯარები არ დაიხევენ 7 აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე, როგორც ამას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საქართველო-რუსეთის შეთანხმება ითვალისწინებს.
მოსკოვი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ასრულებს რა ექვს-პუნქტიან შეთანხმებას, მხარს უჭერს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე საქართველოს ტერიტორიებზე ეუთოს დამკვირვებლების გაზრდას, პოლიციური კომპონენტის შემოღებას და ამ პროცესში ევროკავშირის აქტიურ როლს.
”მათი [დამკვირვებლების] სრული განლაგება უსაფრთხოების ზონებში, ამ ზონების დემილიტარიზაცია და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის არ გამოყენების გარანტიების შეთანხმება შესაძლებელს გახდის საერთაშორისო მექანიზმების შექმნას ამ რესპუბლიკებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.
განცხადება ასევე მიუთითებს გეგმის იმ პუნქტის ”სრულად შესრულების” საჭიროებას, რომელიც ქართული ძალების მათი მუდმივი დისლოკაციის ადგილებში დაბრუნებას ეხება.
”ვიმედოვნებთ, რომ 8 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტისას დეტალურად იქნება განხილული დარეგულირების გეგმის პრაქტიკული რეალიზაციის საკითხები,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო და ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ხავიერ სოლანა მომავალ კვირას მოსკოვსა და თბილისს ესტუმრებიან. ეს ვიზიტი მხარეებს შორის შუამავლობის ერთგვარი მეორე რაუნდი იქნება.