We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

რუსეთის ფედერაციას ოფიციალურად ეცნობა დიპურთიერთობების გაწყვეტის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად აცნობა რუსეთს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის და იმავდროულად, საკონსულო ურთიერთობების შენარჩუნების თაობაზე.

საქართველოს საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა 2 სექტემბერს შესაბამისი ორი ნოტა გადასცა  საქართველოში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს ალექსანდრე სმაგას.

”ეს ქართული მხარის კიდევ ერთი შეცდომაა, რაც ხელს არ უწყობს პრობლემების მოგვარებას,”- განუცხადა სმაგამ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოსვლისას, ”[რუსეთის] საელჩო ფორმალურად წყვეტს ხვალიდან ფუნქციონირებას”.

”პირველ ნოტაში აღნიშნულია, რომ საქართველოს წინააღმდეგ  რუსეთის ფედერაციის მტრულ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში,  ქვეყნის ნაწილის ოკუპაციაში, საქართველოს ტერიტორიის საერთაშორისოდ აღიარებულ ნაწილებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ეთნიკურ წმენდასა და მათი ე.წ. დამოუკიდებლობის უკანონო აღიარებაში, გამომდინარე საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 28 აგვისტოს დადგენილებიდან, საქართველო წყვეტს 1992 წლის 2 ივლისის "საქართველოს რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ” ოქმის მოქმედებას,”- ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მეორე ნოტაში, ქართული მხარე აღნიშნავს, რომ მოსკოვში არსებული საკონსულო სამსახური  – კონსული, ორი ვიცე-კონსული, ტექნიკური პერსონალი –  განაგრძობს თავის საქმიანობას.

Back to top button